„ალბათ, ახსნას არ საჭიროებს საკითხი, თუ რატომ არის უმნიშვნელოვანესი ფსევდოლიბერალიზმის ზეობის პერიოდში საქართველოსთვის ამ კანონის მიღება. ვნახოთ, ვის სურს საქართველოს როგორც ერის გადარჩენა და ვის – უბრალოდ, ტერიტორიის”, – ასე ეხმაურება
„ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე ოჯახურ ღირებულებათა შესახებ “ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციირებას.
„ვინც “ქართული ოცნების” ახალ ინიციატივას მხარს არ დაუჭერს, ქართველი ხალხისთვის სრულად ლუსტრირებული იქნება. ბუნებრივია, ოპოზიცია მათი დამკვეთების გარეშე ნაბიჯს არ დგამს, ხოლო ფსევდოლიბერალების იდეოლოგიაში არ შედის ოჯახური ღირებულებების დაცვა.
აქედან გამომდინარე, სავარაუდოდ, ოპოზიცია ამ ინიციატივას მხარს არ დაუჭერს. ძალიან რთულად ასახსნელი იქნება მათი უარი, თუნდაც, საკუთარი ამომრჩევლებისთვის, რადგან მათთანაც არიან ისეთები, რომელთათვისაც ოჯახური ღირებულებები პრიორიტეტია.
ამ ინიციატივაზე უარის თქმით ოპოზიცია ამჟამინდელი ამომრჩევლების გარკვეულ ნაწილსაც დაკარგავს, არადა, მათ 5%-იანი ბარიერის გადასალახავად ხმების დამატება სჭირდებოდათ.
ოჯახური ღირებულებების დაცვა არის დემოგრაფიული პოლიტიკის მთავარი ღერძი და ვნახოთ, მხარს დაუჭერს თუ არა ამ ინიციატივას დემოგრაფიაზე ფარისევლური ცრემლებით მოღაღადე “ნაცმოძრაობა” და მისი ოპოზიცია”, – წერს ჩიბურდანიძე “ფეისბუკის” გვერდზე.