„ჩვენ ვცდილობთ, უფლებები და პროპაგანდა გავმიჯნოთ, ერთმანეთისგან აბსოლუტურად გავაცალკევოთ და პროპაგანდისტები ცდილობენ, რომ უფლებები და პროპაგანდა ერთმანეთში აურიონ. ეს არის მთავარი ღირებულებითი ხაზი, ღირებულებითი ომი, რომელშიც ისინი ვერ გაიმარჯვებენ, იმიტომ, რომ ჩვენ მართლები ვართ მომავალი თაობების წინაშე“, – ასე უპასუხა “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ოპოზიციონერების შეფასებებს მმართველი პარტიის მიერ ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ.
მდინარაძის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული ცვლილებები ჰომოფობიურია, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება. მისი თქმით, ხელისუფლება ცდილობს, ადამიანის უფლებები და პროპაგანდა ერთმანეთისგან გამიჯნოს, ოპოზიცია კი საპირისპიროდ იქცევა.
“მათ ჰომოფობიის მნიშვნელობა, მგონი, არ იციან. როდესაც უფლებებს პროპაგანდისგან, მავნე შედეგის თავს მოხვევისგან მიჯნავ, სინამდვილეში, რამეს კი არ კრძალავ, უპირატესი მიზანია დაცვა, – რაღაცის აკრძალვა კი არა, შენი მომავალი თაობების დაცვა ამ მავნე, საშინელი პროპაგანდის შედეგებისგან. ამისგან შვილების, შვილიშვილების, მომავალი თაობების დაცვა, ოჯახური ღირებულებისა და არასრულწლოვანების ინტერესების დაცვაა პრიორიტეტი და არა რაღაცის აკრძალვა, ერთმანეთში სპეციალურად რომ ურევენ. ჩვენ ვცდილობთ, გავაცალკევოთ უფლებები და პროპაგანდა, ერთის ხარისხი ავწიოთ და მეორეს ვებრძოლოთ; ისინი ცდილობენ, ესენი შეაერთონ, ერთმანეთთან გააიგივონ და ამით მოატყუონ საზოგადოება. წინასწარ გეუბნებით: ხან ფაშიზმს დაუძახებენ, ხან – ჰომოფობიას. დღე-ნახევარი არ არის გასული და უკვე მთელი მათი კამპანია აგებულია იმაზე, რომ კანონპროექტი ჰომოფობიურია.
ისინი ბავშვების უფლებების დაცვასა და ოჯახურ ღირებულებებს ჰომოფობიას უწოდებენ. ოჯახური ღირებულები და ბავშვების უფლებების დაცვა მათთვის ჰომოფობია ყოფილა – აი, სად დავიდნენ და რაზე გააკეთეს აქცენტები, რაზე აკეთებენ შტურმსა და იერიშს. ახლა ფაშიზმს დაარქმევენ, ხალხს მოატყუებენ, რომ იქნება ცენზურა, აკრძალავენ ნაწარმოებებს და რაღაც საოცრებებს ილაპარაკებენ. თუმცა, ჩვენ ამას არ დავუშვებთ და ღირებულებით ბრძოლაში რომ გავიმარჯვებთ, აი, ამ პიარულ ბრძოლაშიც აუცილებლად გავიმარჯვებთ, იმიტომ, რომ მართლები ვართ ამ ბრძოლაში”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.