„წამებისგან თავისუფლების (Freedom from torture) ინდექსის კვლევა საზოგადოებას კიდევ ერთხელ ახსენებს იმ საშინელ პერიოდს, როდესაც ადამიანების წამება პიკში იყო და გირგვლიანის, რობაქიძისა და არა მხოლოდ მათ გვარებს – სამწუხაროდ, ბევრი იყო ასეთი ადამიანების ჩამონათვალი“, – განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.
მისი თქმით, წამებისგან თავისუფლების ინდექსით ქვეყნის 101 პოზიციით დაწინაურება ნიშნავს იმას, რომ საქართველოს, „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის შემდეგ, ამ მიმართულებითაც წარმატება აქვს.
„ამ კვლევამ აჩვენა, რომ 2012 წლის შემდეგ, ამ მხრივ სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. წამების ინდექსში საქართველო 101 პუნქტით დაწინაურდა და 46-ე ადგილზეა, მაშინ, როცა 2012 წელს 147-ე ადგილზე იყო. 2012 წლამდე წამებისგან თავისუფლების ინდექსში გვისწრებდნენ: რუსეთი, ავღანეთი, სამხრეთ აფრიკის ქვეყნები და ა.შ. ახლა კი, ამ დასკვნის მიხედვით, წამებისგან თავისუფლების ინდექსში ვუსწრებთ: აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, რუმინეთსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს. ამიტომ, როცა კითხულობენ, თუ რატომ ვიხსენებთ ხოლმე „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის ცხრა წელს, – არა, ჩვენ კი არ ვიხსენებთ, ასეთი კვლევები ახსენებს საზოგადოებას მათ რეჟიმს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.