„შარშან ხომ უარი ვთქვით, გადავდეთ კანონი [დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ] მაგრამ აქეთ რა მოხდა? სად არის გამჭვირვალე ფინანსები? ჩემი ვარაუდია, მაგალითად, რომ ლგბტ პროპაგანდის მხარეს დგას ძალიან დიდი ფინანსები. ახლა დაადასტურონ, რომ ეს ვარაუდი ან ტყუილია, ან მართალია“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობის თემაზე საუბრისას.
„გამოაქვეყნონ ამ ორგანიზაციებმა, „თბილისი პრაიდიდან“ დაწყებული, ყველაზე მდიდარი “ენჯეო” სექტორის წარმომადგენლებით დამთავრებული, რომ ამაში არ იხარჯება ფული და იხარჯება სხვა რაღაცაში, კეთილ საქმეში, უფლებების დაცვაში და არა პროპაგანდის მხარდაჭერაში. გამოაქვეყნონ, დადონ, თუ ამის თავი აქვთ. ფინანსებს თვითონ ხომ ააქტუალურებენ და არ მოისვენეს, სანამ საკითხი ასე არ დავსვი. ახლა კეთილი ინებონ და, დავუშვათ, მე მათ ვაბრალებ, რომ ლგბტ პროპაგანდაში იხარჯება მათი ფინანსების ძალიან დიდი ნაწილი. თავიანთ დამფინანსებლებსაც და საქართველოს მოქალაქეებსაც უთხრან, რომ ეს არის ან მართალი, ან ტყუილი. ვიღებ ამ პასუხისმგებლობას ჩემს თავზე, – მდინარაძე გვაბრალებს, რომ ლგბტ პროპაგანდის დაფინანსებაში მიდის დიდი ფული. იმიტომ ვაბრალებ (ვაბრალებ – მე თვითონ ასე ვამბობ, თვითკრიტიკულად), რომ ასეთი კოორდინირებული ქცევა ამდენი მედიასაშუალების მიერ, ჰომოფობიას, ფაშიზმსა და სისულელეებს რომ არქმევენ ნელ-ნელა [საკონსტიტუციო ცვლილებებს], შეუძლებელია, დიდი ფინანსების გარეშე ხერხდებოდეს. ახლა თავად თქვან, რომ ეს დაბრალებაა, საქართველოს, მისი მომავლის, ოჯახური ღირებულებების, ეროვნული იდენტობის, მომავლის დაცვის საკითხების წინააღმდეგ არ იხარჯება ეს ფული და ბოდიშს მოვუხდი. მაგრამ ვერ დადებენ, არ დადებენ, იმიტომ, რომ ამაში იხარჯება, ღრმად ვარ დარწმუნებული“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.