„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე დემოკრატიის კვლევის მსოფლიოს მოწინავე ცენტრის, ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ (V-DEM) მიერ წამებისგან თავისუფლების ინდექსის მონაცემებს გამოეხმაურა, სადაც საქართველო მსოფლიოს საუკეთესო 50 ქვეყანას შორის მოხვდა.
„ამ თემასთან დაკავშირებით უკვე დაიწყეს, – TV “პირველის“ ერთ-ერთ გადაცემაში იყო გულით გარდაცვლილი პატიმრის სიუჟეტი, რაც სპეკულაციურად იყო აგებული, სხვა თემაზე მიბმული, იმიტომ, რომ მიზეზობრივი კავშირი გარდაცვალებასა და იმ პრობლემას შორის, რაც წარმოჩნდა, არ იყო.
ის პრობლემა, ცალკე აღებული, ალბათ, ნამდვილად იყო, ამაზე გამოძიებაც მიმდინარეობს, მაგრამ გარდაცვალების საკითხი და ის საკითხი, როგორც მე მითხრეს (და ამას გამოძიება საბოლოოდ დაადგენს), ერთმანეთთან მიზეზობრივ კავშირში არ იყო.
უნდა გადართოთ “ნაცმოძრაობის” არხებზე და რომელ საკითხსაც უტევენ, ე.ი. იქ საქართველოს პროგრესი აქვს.
სასამართლოში რეიტინგებით პროგრესია, – “ნაცები” და “ნაცების” ტელევიზიები უტევენ სასამართლოს. სიღარიბის დაძლევასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, აღმოფხვრილი არ არის, ოცდაათიდან თხუთმეტ პროცენტამდეა ჩამოწეული და უტევენ სიღარიბის საკითხს. დადებითი მიგრაციული სალდო პირველად დაუფიქსირდა ქვეყანას 2024 წელს და იმ წამსვე ემიგრაციაზე დაიწყეს საუბარი – ეს არის მტკიცებულება: სადაც პროგრესია, სადაც კარგი, შთამბეჭდავი შედეგები გვაქვს, ყველგან ებრძვიან თავიანთი ნეგატიური ანტიკამპანიით“, – განაცხადა მდინარაძემ.