“ხანდახან მიხეილ სააკაშვილიც კი სიმართლეს ამბობს ხოლმე. გაუჭირდებათ სხვა პარტიებს. იცის მათი რეიტინგი. მისი მოსაზრება კი არ არის სწორი, – რეიტინგები უდევს წინ და წამოსცდა, რომ ამ რეიტინგების მიხედვით, ვერც ერთი სხვა პარტია ბარიერს ვერ ლახავს“, – ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ყოფილი პრეზიდენტის – მიხეილ სააკაშვილის განცხადება იმის შესახებ, რომ პატარა პარტიები 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავენ, ამიტომ მხოლოდ “ნაციონალურ მოძრაობას” მოუწევს ერთპიროვნულად ბრძოლა.

„ჩვენც გვაქვს ეს რეიტინგები და შემიძლია დავუდასტურო – რა დრო დადგა, სააკაშვილს ვუდასტურებ რაღაცებს – მაგრამ რეიტინგებში მართლა ასეა. წამოსცდა იმ ადამიანს, რომ მხოლოდ “ნაცმოძრაობაა”, რომელიც ბარიერს ლახავს ოპოზიციიდან. სხვა პარტიებს არ აქვთ გამარჯვების შანსი, იმიტომ რომ 4%-ზეც ვეღარ არიან, – ერთ-ერთ პარტიას 3 და რაღაც ჰქონდა ერთი პერიოდი და, გულწრფელად გეტყვით, ესეც აღარ აქვს. არც ერთ პარტიას არ აქვს მინიმალური შანსიც კი, რომ ბარიერი გადალახოს და წაიკითხა იმ კაცმა, ეტყობა, რეიტინგები და უკვე წამოსცდა პირდაპირ ეთერში – ეს იყო და ეს”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.