„ეს არის ე.წ. ვეტინგი. ქართველი მოსამართლე „გააშავეს“, ლამის იყო, სანქცია დაუწესეს და ამერიკის შეერთებულ შტატებში არ გაუშვეს ამ გადაწყვეტილების გამო. აღმოჩნდა, რომ ევროპული სასამართლო მას მხარს უჭერს და აბსოლუტურად არ შეაქვს ეჭვი მისი გადაწყვეტილების სისწორესა და სამართლიანობაში. ეს არის კეთილსინდისიერებაზე შემოწმება. ხოლო გვარამიას კიდევ ერთხელ უთხრეს: ბანკს გაძარცვავ, შენს ტელევიზიას თუ შენს ოჯახს, დამნაშავე დამნაშავეა“, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ნიკა გვარამიას საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას.

მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ ნიკა გვარამიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის – ლაშა ჩხიკვაძის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სამართლიანი იყო.

ცნობისთვის: პოლიტიკური პარტია „ახლის“ ერთ-ერთი ლიდერის – ნიკა გვარამიას ინფორმაციით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ მისი სარჩელი განსახილველად არ მიიღო.