სპორტის, როგორც ქვეყნის ეკონომიკის განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრა „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებთან.
მისივე თქმით, სპორტის დაფინანსება კი არა, სპორტს შეუძლია ფინანსების მოტანა და აქვს რესურსი, იყოს არა მხოლოდ მიმღები ინვესტიციების, არამედ ხელი შეუწყოს ეკონომიკის განვითარებას.
ყაველაშვილმა ისაუბრა ასევე, ახალ სახელმწიფო პროგრამაზე, რომელიც მასობრივი სპორტის ხელშეწყობას ითვალისწინებს.
„ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილმა გამოთქვა მზადყოფნა იმის, რომ თუკი რამ ტურნირის გამართვის შესაძლებლობა არსებობდა, ყველა ჩატარებულიყო აქ და მათთვის მასპინძლობა გაეწია საქართველოს. შესაბამისად, დაიწყო მშენებლობის ბუმი, ვინაიდან, ტურნირების ჩატარებას სჭირდებოდა შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ერთი შეხედვით ეს კარგი იყო – სახელმწიფო ხარჯავდა ფულს, მიდიოდა მშენებლობა, ტარდებოდა ტურნირები და ა.შ. მაგრამ ყოველივე ეს ნიშნავდა იმას, რომ ხდებოდა ინვესტირება და პროცესი ჰგავდა ქველმოქმედებას.
ფეხბურთით დაინტერესებამ, წარმატებებმა გვაჩვენა, რომ სულ უფრო მასშტაბური ხდება ჩართულობა. აქ მნიშვნელოვანი ისაა, რომ ამ სპორტს – ფეხბურთს გარდა იმისა, რომ ასეთი სიხარულის მოტანა შეუძლია, აქვს რესურსი იყოს მომგებიანი სფერო სახელმწიფოსთვის. სპორტის დაფინანსება კი არა, სპორტს შეუძლია ფინანსების მოტანა, ანუ, უკუგება ექნება სპორტში ჩადებულ ინვესტიციებს. არა მხოლოდ ფინანსების მოტანას, სპორტის ხელშეწყობა, რომელსაც ითვალისწინებს ახალი სახელმწიფო პროგრამა, თავის მხრივ, მოიცავს განათლების სფეროს, ჯანდაცვას, ტურიზმს და ყველა ამ მიმართულებას ერთობლიობაში კრავს. ჩვენ უნდა ვიყოთ ჯანსაღი ერი და ეს პროფესიონალი ბიჭები იქნებიან ამ პროგრამის განხორციელების ელჩები”,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.