პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პროცესების სწორად აღქმის უნარს მოწყვეტილია.
აღნიშნულით ის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც სააკაშვილი აცხადებს, რომ „ახლა, როგორც არასდროს, გვჭირდება, გავაცოცხლოთ და ავაღორძინოთ იმამ შამილის, ბაისანგურის, ჯოხარ დუდაევის და წინააღმდეგობის მილიონობით გმირის სულისკვეთება“.
„მეჩვენება, რომ სააკაშვილის ეს განცხადება, ან ზოგადად, მის მიერ არსებული სიტუაციის შეფასება რეალურად არსებულ ვითარებას მოწყვეტილია. ის საუბრობს ანაქრონული ხასიათით, როგორც იმამ შამილის იდეოლოგიის აღორძინების საჭიროება და ა.შ.
ნამდვილად არ მგონია, რომ ეს მართებული, კორექტული, ან რაიმე თვალსაზრისით გამართლებული იდეოლოგიის შემოთავაზების მცდელობაა.
მგონია, რომ პროცესების სწორად აღქმის უნარს მოწყვეტილია, შესაბამისად, ეს არის მიზეზი, რის გამოც შეცდომები მოდის“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
ცნობისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოდის ინიციატივით, შეიქმნას თავისუფალი კავკასიის ორგანიზაციის მუდმივმოქმედი სამდივნო კიევში. ამასთან, დასძენს, რომ „ახლა, როგორც არასდროს, გვჭირდება, გავაცოცხლოთ და ავაღორძინოთ იმამ შამილის, ბაისანგურის, ჯოხარ დუდაევის და წინააღმდეგობის მილიონობით გმირის სულისკვეთება“.
მისი თქმით, “ჩვენ ვალდებული ვართ გავდოთ ხიდები ერთმანეთთან, რათა რუსეთის რღვევის პროცესი კავკასიაში გავხადოთ მაქსიმალურად არაძალადობრივი და ავიცილოთ თავიდან შემდგომი კონფლიქტები”.