„უმრავლესობის გუშინდელ სხდომაზე პარტიის საპატიო თავმჯდომარე მონაწილეობას არ იღებდა, თუმცა მასთან კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით გვქონდა და ის არის ჩვენი თანამოაზრე ამ საკითხში“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის ჩართულობის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.

ამასთან, როგორც მდინარაძემ აღნიშნა, გადაწყვეტილებას ეთანხმება პოლიტიკური საბჭოს ყველა წევრი.

„შესაბამისად, ეს შეთანხმებულია პოლიტიკურ საბჭოსთან. ამაზე საუბარი დაიწყო გუშინწინ, უმრავლესობის სხდომაზე, რომელიც არის ტრადიციული სხდომა და გაგრძელდა გუშინ, იმიტომ, რომ უმრავლესობის სხდომაზე სხვა საკითხებიც იყო, მათ შორის ლგბტ პროპაგანდის პრევენციის საკითხები, “ვეტინგის”, სასამართლოს საკითხები. ვადასტურებ იმ ინფორმაციასაც, რომ სხვა იმ თემებზეც იყო საუბარი, რაც გუშინ გავრცელდა, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი და საკვანძო საკითხი ეს იყო და გუშინ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რაც ჩვენს განცხადებაში აისახა. პოლიტსაბჭოს ყველა წევრი, მათ შორის, საპატიო თავმჯდომარე საქმის კურსშია დეტალურად და იზიარებს ამ განცხადების პათოსს სიტყვა -სიტყვით; ყველა ვართ ერთ აზრზე“, – განაცხადა მდინარაძემ.