“ხალხის ძალის” წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის – მამუკა მდინარაძის ბრიფინგს გამოეხმაურა, სადაც მდინარაძემ მმართველი გუნდის მიერ უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ კანონის ინიციირების შესახებ გააკეთა განცხადება.

“საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ 171 ხმით 25-ის წინააღმდეგ მოიწონა “უცხოური გავლენების გამჭვირვალობის” კანონპროექტი, რომელსაც კანონიერ ძალას, მაისში, ზედა პალატა მიანიჭებს. საფრანგეთმა ჩათვალა, რომ საკუთარ სახელმწიფოებრივ სივრცეში უნდა ფლობდეს ინფორმაციას პოლიტიკურ პროცესებზე უცხოური ფინანსური ზეგავლენების შესახებ. აქ ნაკლებად სავარაუდოა, რუსეთი იგულისხმებოდეს, რომელიც მსგავსი ზეგავლენების მოხდენის თვალსაზრისით, სულ რომ ამის გულწრფელი სურვილი გააჩნდეს, სრულ საბანკო/საფინანსო ბლოკადაშია მოქცეული. შესაძლოა, საფრანგეთში სწორედ ის მიმართულება იგულისხმება, რომლის თაობაზე ქვეყნის პრეზიდენტმა ზუსტად ერთი წლის წინ ისაუბრა: “იყო აშშ-ის მოკავშირე, არ ნიშნავს, იყო მისი ვასალი. ევროპამ უნდა იბრძოლოს საკუთარი სტრატეგიული ავტონომიისათვის. ჩვენ არ გვსურს, ვიყოთ ვინმეზე დამოკიდებული მთელ რიგ კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხებში”.

სწორედ 2023 წლის აპრილში, ნიდერლანდებში ვიზიტისას გაკეთებული ამ განცხადების შემდეგ, მაკრონმა თავის კანონმდებლებს მისცა დავალება, დაეწყოთ მუშაობა ზემოაღნიშნულ ინიციატივაზე. საქართველოს დღეს ანალოგიურ ვითარებასთან უწევს გამკლავება, რომელსაც, საფრანგეთისგან განსხვავებით, ასევე ემატება რუსეთის მხრიდან საქართველოში ათზე მეტი მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციის უკონტროლო დაფინანსების პრობლემა. ასევე გასათვალისწინებელია დასავლეთიდან “არამიზნობრივი ფინანსირების” შემთხვევებიც, რაზეც ამახვილებს ყურადღებას ნიკა გვარამია.

გარდა ამისა, სიტუაციას ართულებს ძირითადი დონორების ყრუ პოზიცია, როდესაც ისინი უარს აცხადებენ ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე, საკუთარი ხარჯების მიზნობრიობის შესახებ ინფორმაციის ნებაყოფლობით მიწოდების მიზნით.

ევროპული და ამერიკული საუკეთესო გამოცდილების კიდევ უფრო კარგად გაზიარებისა და შესწავლის შემდეგ, დიახ, “ქართული ოცნება” უბრუნდება ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების აღნიშნული სეგმენტის გამჭვირვალობის საკანონმდებლო სივრცეში განხილვის გაგრძელებას. კვლავინდებურად, ეს არ იქნება არც ამერიკული, არც უკვე ფრანგული და, მით უმეტეს, არანაირი “რუსული”, არამედ – ეროვნული კანონი, გამჭვირვალობის კანონი, რომელსაც პარტია “ხალხის ძალა”, რა თქმა, უნდა მხარს დაუჭერს”, – წერს ქართველიშვილი.