„ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა დღეს „ქართული ოცნების“ მიერ უცხოური გავლენების გამჭვირვალობის კანონპროექტის ინიცირებაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩვენ მიერ ინიცირებული კანონპროექტი მიიღეს ევროპარლამენტში, კანადაში, ახლა უკვე – საფრანგეთში და ევროპის კიდევ რამდენიმე ქვეყანაში, თან იმ მოტივით, რომ მათი ქვეყნებისთვის აუცილებელია უსაფრთხოება, რათა უცხოურმა ძალებმა არ გადმორიცხონ თანხები ისე, რომ ვერ გაარკვიონ, თუ საითკენ მიემართება ეს ფინანსები. ძალიან მარტივი კითხვა გვაქვს – თუ ეს უსაფრთხოება აუცილებელია ამერიკისთვის (სადაც დიდი ხანია, მოქმედებს ანალოგიური კანონი), კანადისთვის, საფრანგეთისთვის, რატომ არაა ის საჭირო საქართველოსთვის?

ამასთან, საზოგადოება კარგად გაერკვა, რომ გამჭვირვალობის კანონპროექტი ზუსტადაა მორგებული უსაფრთხოების ზომებზე და მასში არაფერია ძნელი. თუ ხარ არასამთავრობო და ხარ გამჭვირვალე, მაშინ პრობლემა არ გაქვს და საქმიანობ. თუ გაუმჭვირვალე ხარ, მილიონები გერიცხება და საზოგადოებას არ ეუბნები, სად რიცხავ, „მოლოტოვის კოქტეილებს“ ყიდულობ, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არ უნდა დარეგისტრირდე,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

როგორც დეპუტატი აცხადებს, ის დარწმუნებულია, რომ ოპოზიციის მცდელობა, მოხდეს კანონპროექტის დისკრედიტაცია, უშედეგო იქნება.

„არ მგონია, რომ ოპოზიციის იმ ნარატივს, რომ ეს კანონი არ არის ქართული და არ ემსახურება გამჭვირვალობას, ვინმე აჰყვეს საქართველოში. აბსოლუტურად ყველაფერს რუსულს არქმევენ, რაშიც საქართველოს აქვს წარმატება. ევროკავშირის სტატუსიც კი რუსულია, იმიტომ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროსაა მიღებული. ამიტომ, ეს ტერმინი გაცვდა საზოგადოებაში“, – დასძინა გურამ მაჭარაშვილმა.