პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის მიერ პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წარდგენას „ფეისბუკის“ გვერდზე გამოეხმაურა.

„ამ ტექსტს აქვს გარკვეული “სირთულე” და, ამავე დროს, აღქმის მაქსიმალური სიმარტივე: იმის გასაგებად, თუ რაზე მიდის საუბარი, უნდა შეგეძლოს ქართულად კითხვა, მაქსიმუმ, 6-გვერდიანი ტექსტის მაინც. უნდა შეგეძლოს წაკითხულიდან აზრის გამოტანა. გვესმის, ძნელია, მაგრამ სხვანაირად ეს კომბინაცია არ მუშაობს. აზრის გამოტანა უნდა შეგეძლოს დამოუკიდებლად, „ქოუჩების” მხრიდან მიღებული დირექტივების გარეშე, აღნიშნულ ტექსტში რაიმე “რუსულის” აღმოჩენისთანავე, შეურაცხადობის ნიშნით ფსიქონევროლოგიურ დისპანსერში აღრიცხვაზე აყვანა სავალდებულო უნდა გახდეს.

საქართველოში აკრედიტებული რომელიმე საელჩოს მხრიდან აღნიშნულ ტექსტში რაიმე “რუსულის” აღმოჩენისთანავე, შესაბამისი დიპლომატი უნდა იქნას დაბარებული საგარეო საქმეთა სამინისტროში ახსნა-განმარტების მისაღებად. საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ აღნიშნულ ტექსტში რაიმე “რუსულის” აღმოჩენისთანავე, უნდა დადგეს საკითხი ამ ორგანიზაციის არაკეთილსინდისიერების შესახებ, ხოლო აკვიატებული „სიჯიუტის” გამოხატვის შემთხვევაში – ქვეყანაში მისი საქმიანობის შეჩერების თაობაზე. სხვა დანარჩენ შემთხვევაში, ამ კანონის მისაღებად ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ“, – წერს დავით ქართველიშვილი.