“ბოლო 10 წლის განმავლობაში არასამთავრობოებმა 500 000 000 $ მიიღეს, ანუ ნახევარი მილიარდი დოლარი. წარმოდგენა გაქვთ, რა თანხაზეა საუბარი? რა ვქნა, რომელი სახელმწიფო ინსტიტუტის ბიუჯეტს შევადარო? იქნებ ვინმე მითხრას, – კი, მიიღეს, მაგრამ რა არ გააკეთესო?!” – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი “ფეისბუკის” გვერდზე.

“წამში ჩნდება საპასუხო შეკითხვა: რა გააკეთეს? რაში დაიხარჯა ეს ფული: ქვეყნის უსაფრთხოებას მოხმარდა, თავდაცვის გაძლიერებას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, განათლებას თუ სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას?! ტრენინგები, სემინარები, ერთი და იგივე ხალხი, გრანტებზე მომჯდარი ცნობილი სახეები…

უფრო მეტიც – ახალი სუბიექტი მათთან ცხვირს ვერ შეყოფს, მგონი, თავიანთი კანონები აქვთ, მაფიასავით არიან. უცხო არ შეიძლება, მხოლოდ თვითონ უნდა იყვნენ, იგივე “სასტავები”, ჭამონ და ხრან დიდი თანხები. რომ იკითხო ამ ტრენინგ-სემინარების უმეტესობა რას ეხება, – „დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობას, მედიის თავისუფლებას” და ა.შ. სინამდვილეში, ზოგი არჩევნების ციფრებით მანიპულირებაზეა ორიენტირებული, ზოგიც – არგაგონილი ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებაზე, ზოგიც – მედიის თავისუფლების განვითარებაზე…

არადა, სწორედ მათ მიერ დატრენინგებული მედია საშუალებებიდან გვესმის ხოლმე, რომ სტრატკომი საბჭოთა/რუსული გადმონაშთია, გარემოვაჭრეებს „ტავარი“ არ გააშლევინეს, და ბოლოს, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა 16 (თექვსმეტ!)-მეტრიანი პენალტებით მოუგო საბერძნეთის ნაკრებს. ვის შეუძლია გვითხრას, იმ 500 000 000 $-დან (ნახევარი მილიარდი დოლარი!) რამდენი ლარი მოხმარდა ან ქვეყნის განვითარებას, ან უსაფრთხოებას, თავდაცვას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, განათლებას თუ სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, და რამდენი ათასი დოლარი დაიხარჯა არასამთავრობოების ხელფასებისთვის, პრემიებისთვის, უცხოეთში მივლინებებისთვის, სატუმროების, მანქანებისა და ოფისის ხარჯებისთვის? ცხადია, არა!

კარგად ნახეთ ერთი და იგივე ხალხი, გრანტებით გაბერილები, „სხვისთვის ჭკუის დამრიგებელი,“ უცხოელების ყურმოჭრილი მონები და პერიოდულად ქვეყანაში არეულობის ან მხარდამჭერები ან, სულაც, მონაწილეები. გამჭვირვალობისთვის ერთი პატარა დეკლარაციის შევსებაც არ უნდათ?! …Excuse me?!” – წერს ნიკოლეიშვილი.