„როდესაც შენს კოლეგას ასანქცირებენ, ვიზას უუქმებენ იმის გამო, რომ მან სამართლიანი გადაწყვეტილება გამოიტანა, რომელიც თავიდან ბოლომდე აღიარა სტრასბურგის სასამართლომ და შენ, ამ დროს, ვინც დაასანქცირა, იმის ვიზირებით საზღვარგარეთ მოგზაურობ, ეს არაეთიკურია შენს კოლეგასთან, იმ მოსამართლესთან, რომელთან ერთადაც გევალება დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის განმტკიცება“, – განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა აშშ-ის საელჩოს თანამშრომლის დაფინანსებით რამდენიმე მოსამართლის იტალიაში მოგზაურობის შესახებ დასმული კითხვის პასუხად.

„როდესაც ხდება სასამართლოს დამოუკიდებლობის ჩამოყალიბების პროცესში გარედან ჩარევა იმ მიზნით, რომ საუკეთესო გამოცდილება გაუზიარონ, ეს კარგია, მაგრამ როდესაც ხდება სასამართლოს წევრებისგან იმ ადამიანების გამორჩევა, ვინც რაღაც მიზეზის ან პოლიტიკური ანგაჟირებულობის გამო ხდებიან სასამართლოს შიგნით განხეთქილების შემტანები, უცხოური პოლიტიკის გატარების ერთგვარი ლობისტები, სწორედ ეს არის, რაც დღეს აზიანებს ქართული სასამართლოს როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუციის ჩამოყალიბებას.

დღეს სასამართლო ინსტიტუციურად დამოუკიდებელი ორგანოა. აღმასრულებელ ხელისუფლებას არანაირი უფლებამოსილება აღარ გააჩნია სასამართლო ხელისუფლების ფორმირებასთან თუ სხვა საკითხებთან დაკავშირებით. ასეთი რამ საქართველოში არასდროს ყოფილა. დღეს მოსამართლეებმა უნდა დაინახონ და ირწმუნონ მათი დამოუკიდებლობის ეს ძალა და, ამ დროს, ასეთი მოსამართლეები, რომლებიც მართლაც პატარა კლანს ქმნიან შიგნით, ამ დამოუკიდებლობის აღქმას უშლიან ხელს მოსამართლეთა 300- კაციან კორპუსში“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.