„ვნახე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განცხადება, რომლითაც ისინი უცხოური ფინანსების გამჭვირვალობის კანონპროექტს ანტისახელმწიფოებრივად აცხადებენ და მოუწოდებენ ხელისუფლებას, არ მიიღოს ის. გამიჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ დონორები, საკუთარი თავის დასამალად, მათ მიერ დაფინანსებულ არასამთავრობო სექტორთან ერთად უკანონოდ მოქმედებენ და, მორალური პასუხისმგებლობისაგან დაცლილნი, ამ ადამიანებს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ”, – წერს “ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

“შშმ პირთა ეს განცხადება ბევრ კითხვას ბადებს. ისინი ამბობენ, რომ ამ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ვერ მიიღებენ მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მხარდამჭერ სერვისებს; შეფერხდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა; ხელი შეეშლება მათ საზოგადოებრივ ინტეგრაციასა და პოლიტიკურ თანამონაწილეობას და სხვ. ყურადსაღებია, რომ მათ ამ განცხადებას არც ერთი ამ სიტყვის დამადასტურებელი განმარტება არ ახლავს, ანუ მათ ზემოაღნიშნულის ვერც ერთი დამადასტურებელი ფაქტი ვერ მოჰყავთ და, სინამდვილეში, რა უქმნის მათ საჭიროებებს საფრთხეს, უცნობია და ეს კითხვა ღიად რჩება.

ეს განცხადება კიდევ ერთხელ მოწმობს უცხოური ფინანსური გამჭვირვალობის კანონის მიღების აუცილებლობას, რადგან დონორის მიერ მილიონობით გადმორიცხული თანხა ამ საჭიროების მქონე პირებს სრულად უნდა ხმარდებოდეს და მათთვის გამოყოფილი თანხის მობილიზება ანტისახელმწიფოებრივი მიზნისთვის არ უნდა ხდებოდეს.

ასევე, სახელმწიფო ვალდებულია იცოდეს, ვინ არიან ის ორგანიზაციები და დონორები, რომელთაც ქვეყნისა და ხელისუფლების დამოუკიდებლობა ხელს არ აძლევს! შეწყვიტეთ ამ თემით ისევ საკუთარი თავის მხილება და სახელმწიფოსა და თქვენი როლი კარგად გაიაზრეთ!” – წერს მეგრელიშვილი.