ჯანდაცვის მინისტრის – მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, 25 000-ლარიანი ლიმიტიდან ცალკე გამოიყოფა მედიკამენტები, რომლებიც ონკოლოგიური პაციენტებისთვის სახელმწიფო პროგრამით არის გათვალისწინებული.

სარჯველაძის თქმით, გამოირიცხება იმის შესაძლებლობა, რომ რომელიმე პაციენტისთვის მიუწვდომელი გახდეს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მკურნალობის სრული კურსი.

„ჯანდაცვის მინისტრად დანიშვნის პრაქტიკულად პირველივე დღიდან დავიწყეთ ინტენსიური მუშაობა ონკოლოგიური პაციენტების პრობლემებზე. ეს იყო საქართველოს პრემიერის – ირაკლი კობახიძის ერთ-ერთი პირველი დავალება, რომელიც მისგან მივიღე. ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხი, რომელიც აწუხებდა ონკოლოგიური პაციენტების უმრავლესობას, იყო დაფინანსების 25 000-ლარიანი ლიმიტი, რომელსაც ანაზღაურებს სახელმწიფო.

მუშაობის შედეგად, რომელიც მოიცავდა არაერთ შეხვედრას შესაბამის კლინიკებთან, ფარმაცევტულ სექტორთან, სპეციალისტებთან, პარლამენტთან, ასევე, თავად ონკოლოგიურ პაციენტებთან, საქართველოს პრემიერთან შეთანხმებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 25 000-ლარიანი ლიმიტის კალკულაციიდან ცალკე იქნება გამოტანილი მედიკამენტები, რომლებიც გათვალისწინებულია შესაბამისი სახელმწიფო პროგრამით. ამგვარად, პრაქტიკულად, გამოირიცხება იმის შესაძლებლობა, რომ რომელიმე პაციენტისთვის მიუწვდომელი გახდეს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მკურნალობის სრული კურსი.

ეს ცვლილება შეეხება იმ პაციენტებსაც, რომლებსაც უკვე ამ დროისთვის შეიძლება ამოწურული ჰქონდეთ 25 000-ლარიანი ლიმიტი. დაწყებულია მომზადება ამ გადაწყვეტილების საფუძველზე შესაბამის ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შესატანად, რაც უახლოეს დღეებში განხორციელდება. პარალელურად, ჩვენ დაგვჭირდება მუშაობის გაგრძელება, რათა გამოირიცხოს პაციენტების ინტერესთან არათავსებადი გადახარჯვების შემთხვევები.

გაგრძელდება მუშაობა ყველა სხვა მიმართულებით, რაც აუცილებელია პაციენტების პრობლემების გადაჭრისთვის“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.