“ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის გერმანიისკენ მარტივი გადადგილება იყოს უზრუნველყოფილი დაბალი ფასებით”, – განაცხადა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

„როგორც მოგეხსენებათ, 18 ივნისიდან საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გამართავს მატჩებს და უკვე ძალიან დიდი მოთხოვნაა ავიაბილეთებზე, რითაც ავიაკომპანიებმა უკვე ისარგებლეს. შესაბამისად, გაიზარდა ფასები თვითმფრინავის ბილეთებზე.

მინდა ვთხოვო ეკონომიკის სამინისტროს, რომ დავიწყოთ მუშობა დამატებითი პირდაპირი რეისების უზრუნველსაყოფად დიუსელდორფისა და ჰამბურგის მიმართულებით და მნიშვნელოვანია, რომ ბილეთები ფიქსირებული დაბალი ტარიფით იყოს შეთავაზებული მოქალაქეებისთვის. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია როგორც გულშემატკივრისთვის, ისე საფეხბურთო ნაკრებისთვის.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საფეხბურთო მატჩებზე ქართველი გულშემატკივრის მრავალრიცხოვანი დასწრება უზრუნველვყოთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ გუნდს ჯგუფიდან გასვლა შეუძლია და ჩვენ რა წვლილიც შეგვიძლია შევიტანოთ ამაში, მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ. შესაბამისად, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის იყოს უზრუნველყოფილი გერმანიისკენ მარტივი გადადგილება ფიქსირებული დაბალი ფასებით“, – განაცხადა კობახიძემ.