„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე საქართველოს ხელისუფლების პრაგმატული პოლიტიკის ეფექტიანობაზე სოციალურ ქსელში წერს.

ქადაგიძე განმარტავს, თუ რა შედეგი მოაქვს მშვიდობას და ამის დასტურად მოჰყავს საქართველოს პრემიერ-მინისტრის – ირაკლი კობახიძის მიერ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ნახსენები პროექტები.

„რა შედეგი მოაქვს მშვიდობას და რაციონალურ პოლიტიკას? პრემიერ-მინისტრი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე:
“უზრუნველყოფილი იქნება 800 მეგავატი ჯამური სიმძლავრის ენერგეტიკული პროექტების განხორციელება”;

“თბილისში აშენდება ახალი საერთაშორისო აეროპორტი. დღევანდელი აეროპორტის გამტარუნარიანობა არის, დაახლოებით, 4-4.5 მილიონი მგზავრი. იცით, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან დადებითი დინამიკა ტურიზმის სფეროში, მოსალოდნელია მომავალშიც ვიზიტორების სწრაფი და თანამიმდევრული ზრდა, რასაც, ბუნებრივია, ფეხი უნდა აუწყოს ინფრასტრუქტურამ”;

“ყველა ფიზიკურ პირს, მათ შორის ინდმეწარმეებს სრულად ჩამოეწერებათ 2021 წლის პირველ იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება მათზე დარიცხული საურავების ჩათვლით.”

როდესაც გარშემო ომის, დაძაბულობისა და გეოპოლიტიკური კატასტროფების საშიშროებების დიდი ალბათობაა, შენ კი შეგიძლია, თავისუფლად, მიზანმიმართულად და შესაძლებლობების ფარგლებში, დიდი მასშტაბის ინფრასტრუქტურული, ენერგეტიკული და სოციალური პროექტები შეუფერხებლად ახორციელო, ნამდვილად გაქვს საამაყოდ საქმე. საამაყოა, რომ ხელისუფლების სწორმა პოლიტიკამ და ქართველი ხალხის გონიერებამ შედეგი გამოიღო. მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს!” – წერს ზურაბ ქადაგიძე.