“დღეს 9 აპრილია – საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლისა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე. ვიხსენებთ გარდაცვლილებს და, მათთან ერთად, ვიხსენებთ იმ მიზნებს, რისთვისაც ისინი იბრძოდნენ”, – წერს “ფეისბუკის” გვერდზე პარტია „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე.

“35 წლის წინ ქართველმა ხალხმა სისხლი დაღვარა არა იმისთვის, რომ დღეს კვლავ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და დემოკრატიისთვის გვებრძოლა, არამედ იმისთვის, რომ საქართველო ყოფილიყო რეალურად დამოუკიდებელი და თავისუფალი ქვეყანა.

ზვიად გამსახურდიას „ერის გზა“ არ ყოფილა მოჩვენებითი თავისუფლების, სიცრუისა და ფარისევლობის გზა. ეროვნული მოძრაობა ქვეყანას დასჭირდა იმიტომ, რომ თავი დაგვეხსნა საბჭოეთის მონობისაგან. და თუკი დღეს, პარტნიორობის ნაცვლად, მორჩილებას გვთავაზობენ რიგი სახელმწიფოები, მაშინ გამოდის, რომ ბრძოლა ისევ გრძელდება.

9 აპრილს ჩვენი ახალგაზრდების სისხლი დაიღვარა. ცვლილებების ავანგარდში ყოველთვის ახალგაზრდობა იდგა. დღესაც ასეა, საქართველო ახალი ეპოქის დასაწყისშია და ახალ ეპოქას ახლებურად გააზრება სჭირდება. სწორედ ეს არის ჩვენი უდიდესი პრობლემა. სამწუხაროდ, ის ახალგაზრდები, დემოკრატიის მთავარ საზომს – გამჭვირვალობას რომ აპროტესტებენ, სწორედ საბჭოთა ახალგაზრდებს დაამსგავსეს მათმა დამკვეთებმა. ეს კი საშინელებაა.

ქართველი ახალგაზრდები ყოველთვის უნდა ატარებდნენ 9 აპრილის სულისკვეთებას, რომელმაც საფუძველი დაუდო საქართველოს დამოუკიდებლობას. დღეს სწორედ ეს თავისუფლება გვაქვს შესანარჩუნებელი. დღეს ახალ გეოპოლიტიკაში საქართველოს სახელმწიფოებრივი დამკვიდრება მიმდინარეობს. ამ გზასაც ღირსეულად გავივლით და აუცილებლად მივაღწევთ იმ მიზანს, რაზეც დღევანდელი ახალგაზრდობა ოცნებობს, – ეს არის გამთლიანებული, ეროვნული და ევროპული საქართველო“, – წერს დიმიტრი ხუნდაძე.