9 აპრილის გმირმა ლელა ვეფხვაძემ ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა “სიცრუის დეტექტორში” ბიძინა ივანიშვილის მიერ მისთვის ბინის შეძენის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ 30 წელი ქირით ცხოვრების შემდეგ, ამ ფაქტმა მისი ცხოვრება შეცვალა.

როგორც ვეფხვაძემ აღნიშნა, არ შეეშინდება, რომ ვიღაც მოვა და მის შვილებს გარეთ გაყრის, ეს კი მშობლისთვის ყველაზე დიდი ბედნიერებაა.

„ბინა მიყიდა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა. მე ვცხოვრობდი ქირით, უკვე ხელშეკრულებაც გაფორმებული მქონდა და ორი წელი კიდევ უნდა მეცხოვრა. როცა კოვიდის პირველი პერიოდი დამთავრდა, დამირეკა დიასახლისმა, – ბინა უნდა გავყიდო და დაცალეო. ეს ჩემთვის იყო შოკი, რადგან კიდევ ორი წელიწადი მშვიდად უნდა მეცხოვრა. გარდა ქირის გადახდისა, პრობლემა იყო ისიც, რომ მე ყველგან ვერ მივალ, მეტროსა და სახლს შორის სიარული ჩემით უნდა მოვახერხო. საერთოდ, სოციალური ქსელის დიდი მომხმარებელი არასდროს არ ვყოფილვარ და იმდენად დიდი შოკი იყო, რომ დავწერე: „როდემდე… ხომ შეიძლება, ჩემი კატეგორიის ადამიანებს ჰქონდეთ ბინა და არ მოუწიოთ, რომ ვიღაცამ უთხრას: “დაცალე და წადი აქედან“… ამ პოსტის გამოქვეყნების შემდეგ შევიძინე მეგობრები, რომლებიც სოციალური ქსელით მიგროვებდნენ ფულს. ისინი დაუკავშირდნენ ბიძინა ივანიშვილს და მან გამოხატა სურვილი, ჩემთვის ბინა ეყიდა.

ბიძინა ივანიშვილის მიერ ნაჩუქარმა ბინამ ჩემი ცხოვრება შეცვალა. მინდა, დიდი ბედნიერება ვუსურვო. მან კიდევ არ იცის, რამხელა ბედნიერება მომანიჭა”, – განაცხადა ლელა ვეფხვაძემ.

გადაცემაში მიწვეულმა ლელა ვეფხვაძის მეგობარმა მოჰყვა, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის წერილის გაგზავნის შემდეგ მას მაშინვე დაუკავშირდა „ქართუ ფონდი“ (პირადად ივანიშვილის დავალებით). ვარკეთილის ტერიტორიაზე შეირჩა ლელა ვეფხვაძისთვის ხელსაყრელი, 4-ოთახიანი ბინა. ბინის შეძენა „ქართუ ფონდმა“ სრულად დააფინანსა.