„ევროკომისიამ ევროპარლამენტში განსახილველად წარადგინა ევროდირექტივა, რომელიც მესამე ქვეყნების მხრიდან შესაძლო გავლენებს და ამ გავლენების დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობას ეხება. ეს ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირის ოცდაშვიდივე წევრი ქვეყანა, სულ მალე, ამ დირექტივის ძირითადი მიზნების შესაბამის კანონმდებლობას მიიღებს თავის ეროვნულ დონეზე“, – განაცხადა “ხალხის ძალის” წევრმა ეკა სეფაშვილმა.

“ზოგიერთი ევროპარლამენტარის, ასევე ევროკავშირის მხრიდან ზოგიერთი მაღალი თანამდებობის პირის კრიტიკა ჩვენ მიმართ, ამ შემთხვევაში, არის ორმაგი სტანდარტების ერთ-ერთი გამოხატულება, რომელიც, ფაქტობრივად, გვეუბნება, – ჩვენი უსაფრთხოება და ჩვენი ეროვნული ინტერესი მნიშვნელოვანია, თქვენი, საქართველოსი – არა, რადგან პატარა ქვეყანა ხართ, ამიტომ არ არის თქვენი ეროვნული ინტერესები მნიშვნელოვანიო. რეალურად, ეს არის ორმაგი სტანდარტი. ჩვენ დიდი ხანია, ამის მოწმე ვართ, თუმცა, ეს ორმაგი სტანდარტები მხოლოდ და მხოლოდ ანტიევროპულ განწყობებს უწყობს ხელს საქართველოში და ვფიქრობ, ეს დაუშვებელია”, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.