“ვეთანხმები ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილს, – რეალურად, მართლაც არის ადამიანების კატეგორია, რომლებსაც არ შეუძლიათ პატრონის გარეშე ცხოვრება. ამ ყველაფერში კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა გამჭვირვალობის კანონის ინიციირებამ. ადრე იყო მოსკოვი, უფრო ადრე – სტამბოლი თუ ისპაჰანი, არაბთა საამიროები თუ მონღოლთა ურდოები; იქ უნდოდათ ჩასვლა, ლაქუცი, თავის დახრა, წელში მოდრეკა“, – ასე ეხმაურება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მიერ ხელოვნების კონკრეტულ წარმომადგენლებთან დაკავშირებით გავრცელებულ მიმართვას.

„სამაგიეროდ, მათთვის ძვირფას ხალათში უყრიდნენ ხელს და ყულფში – თავს. დღეს ფიქრობენ, რომ აუცილებლად, ან ვაშინგტონში ან ბრიუსელში უნდა ჰყავდეთ უფროსი, თუმცა დარწმუნებული ვარ, რამე რომ იყოს, არც მოსკოვზე იტყვიან უარს. მთავარია, თავი “სვეტსკებად” წარმოაჩინონ და მსაჯი და მსაჯულიც უცხოელი სჭირდებათ, უცხოელის და თან, პატრონის მშოვნელად კი ოპოზიცია მიაჩნიათ; აბა, ეს ხელისუფლება ქართველობას, ტრადიციებსა და ტრადიციული რელიგიების ინტერესებს იცავს, შესაბამისად, მათ პატრონად მართლა ვერ გამოდგება. რაც არ უნდა უცნაურად ჩანდეს, გამჭვირვალობის კანონმა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ პარლამენტს არ მიუღია, უკვე მოახდინა პატრონყმობას მიჩვეული და მოსურნე ადამიანების სრული ლუსტრაცია”, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი “ფეისბუკის“ გვერდზე.