„გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით კითხვები ისევ პასუხგაუცემელია; თუ რატომ არის ის რუსული და მიუღებელი – ამაზე პასუხი არ არსებობს, მაგრამ ჩნდება მთავარი კითხვა: გამჭვირვალობას რატომ ჯობს გაუმჭვირვალობა?! უნდა ავამუშაოთ ინსტრუმენტი, რომელიც სწორედაც დასავლეთშია შექმნილი – საზოგადოებისთვის ცნობილი გახდეს, გარედან შემოსული თანხები ვისგან არის, რამდენი და რაში იხარჯება – ეს ინსტრუმენტი საქართველოსაც სჭირდება“, – განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ.

„საქართველოს აქვს გამორჩეული რისკები და მას ეს სჭირდება, როგორც ჯავშანი. მით უმეტეს, იმ რეალობაში, როდესაც გლობალურად, სახიფათო პოლიტიკური თამაშები მიმდინარეობს და ეს შესაძლოა, ძალიან მძიმედ აისახოს საქართველოზე. ამიტომ, საქართველოს სჭირდება ინსტრუმენტი და საზოგადოებას – იარაღი, რომ მან იცოდეს, გარედან შემოტანილი თანხა რაში იხარჯება.
აჩემებული კითხვები ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მიმართ, ვფიქრობ, ემსახურება ქვეყნის ფარგლებს გარედან წამოსული იმ მძიმე შეფასებების ნაწილს, რომლის წყალობით აქ ოპოზიცია ცდილობს, როგორმე იხეიროს. ეს ქცევა მიუღებელია, ისევე, როგორც დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, როცა სთხოვენ გაუმჭვირვალობას. გამჭვირვალობა დასავლური ინსტრუმენტია და, თუ დასავლეთში გამჭვირვალობა არის დემოკრატიის ნაწილი, გაუგებარია, რატომ არის საქართველოში რუსული და მიუღებელი“, – დასძინა ხუნდაძემ.