„არსებობს ასეთი „ენჯეო“ – „სამართლიანი არჩევნები“. ყველამ ვიცით, საჯაროდ მათაც აღიარეს, რომ 2020 წლის არჩევნების პარალელური დათვლები გააყალბა და დღეს აცხადებს: „თუ ეს დონორი ორგანიზაციები უცხოურ თანხებს არ გამოგვაყენებინებს ისე, როგორც აქამდე, ჩუმად და მალულად, მაშინ არჩევნები ლეგიტიმური არ იქნება“, – განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაცია “ISFED-ს” არ სურს საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შემოღება, რათა არ მოხდეს იმ თანხების გამოაშკარავება, რომელსაც კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები უცხოეთიდან იღებენ.

„პირდაპირ ამბობს, რომ 2020 წელს არჩევნების პარალელური დათვლის შედეგები გააყალბა და არავინ იცოდა, ვინ აფინანსებდა. ამბობს: „ახლაც იგივე უნდა გავაკეთო და, თუ ამის საშუალებას არ მომცემ, ესე იგი, შენ მიერ ჩატარებული არჩევნები გაყალბებული იქნება”. წარმოიდგინეთ უტიფრობის დონე – დადასტურდა, რომ პარალელური დათვლები გააყალბა და სახელმწიფოში ლამის პოლიტიკური ძვრები მოხდა, დღეს კი ისევ აცხადებს, რომ „დიახ, გამჭვირვალე არ უნდა იყოს იმ ინსტიტუტების თანხები, რომლებიც მე მერიცხება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.