ანალიტიკოსი გია აბაშიძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის შეხვედრას სოციალურ ქსელში აფასებს.

“კანცლერმა ოლაფ შოლცმა ხაზგასმით თქვა, რომ გერმანია საქართველოსთვის სანდო პარტნიორად რჩება და საქართველოს გზას ევროკავშირის მიმართულებით მომავალშიც მხარს დაუჭერს.

რაც შეეხება გერმანიის მთავრობის მეთაურის მხრიდან ნათქვამს “გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის უკან გაწვევის შესახებ, მან გაიმეორა ის უსაფუძვლო ევროპული გზავნილი, რაც ეს დღეებია, გვესმის.

აქ არის მნიშვნელოვანი მომენტი, რაც პრემიერმა კობახიძემ დააფიქსირა – საქართველოს ხელისუფლება მზადაა, დეტალურად განიხილოს ხსენებული კანონპროექტი ყველა პარტნიორთან; დემოკრატიულ სახელმწიფოში მინიმალურ გამჭვირვალობას ალტერნატივა არ გააჩნია.

მგონი, უნდა შეიგნონ პრაგმატულად მოაზროვნეებმა, განსაკუთრებით დასავლეთში, რომ თუნდაც ცხარე, მაგრამ დეტალური, კონსტრუქციული დისკუსიებისას გამოჩნდება სიმართლე”, – წერს გია აბაშიძე “ფეისბუკის” გვერდზე.