„გამჭვირვალობის შესახებ კანონი ქართულია, დაიწერა საქართველოში და ემსახურება ქართულ სახელმწიფოს“, – განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

„მეორე დღეა, პარლამენტში ინტენსიური დებატები იმართება გამჭვირვალობის კანონის შესახებ, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური წყაროების დეკლარირებას ემსახურება და ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა უნდა უზრუნველყოს.

ამ ორი დღის განმავლობაში არ მოგვისმენია არც ერთი არგუმენტი და ფაქტი, თუ რატომ არ უნდა მივიღოთ ეს კანონი. ერთადერთი, რაც გვესმის, ეს არის დეზინფორმაცია, ტყუილზე დაფუძნებული მანიპულაცია ან ზღვარს გადასული დემაგოგია.

ორი დღეა, ინტენსიურად ისმის – არა რუსულ კანონს! დიახ, არა რუსულ კანონს! ქართული პარლამენტი რუსულ კანონს არ მიიღებს! ეს კარგად შეიგნეთ და დაიმახსოვრეთ!

ბოლო-ბოლო, წაიკითხეთ ქართული კანონი გამჭვირვალობის შესახებ და გაიაზრეთ, რა წერია. გიჭირავთ ხელში რუსული კანონი, რომელიც 27 გვერდია, არც წაკითხვა გეზარებათ, არც დაზეპირება და ამონაწერებსაც აკეთებთ. რას კითხულობთ ამ რუსულ კანონს? წაიკითხეთ ევროდირექტივა, თუ მაინცდამაინც ვინმეს შედარებისთვის გინდათ. რუსული კანონის გარდა, არაფერს კითხულობთ? მე არ წამიკითხავს ეგ თქვენი რუსული კანონი და არც წავიკითხავ, არ მაინტერესებს, თქვენგან განსხვავებით. ყველაფერი რუსული თქვენ მოგწონთ და მთელი თქვენი “მოღვაწეობის” განმავლობაში რუსულ საქმეს აკეთებთ.

უკვე ერთი წელია, ყველას მოუწოდებთ, – არ წაიკითხოთ ქართული კანონი, შინაარსში არ შეხვიდეთო. რატომ გეშინიათ ასე ამ კანონის შინაარსის გაგების? მე გეტყვით, რატომაც გეშინიათ, – იმიტომ, რომ როდესაც შინაარს გაიგებს ხალხი, მიხვდება, რომ სწორედაც ჩვენი კანონი ემსახურება ხალხის ინტერესების დაცვას და არაფერი აკავშირებს თქვენს მიერ მოგონილ დემაგოგიასთან და ილუზიებთან.

გეშინიათ, რომ ხალხი გაიგებს სიმართლეს და სამართლიანად გეშინიათ – იმიტომ, რომ როცა ეს მოხდება, აღარ გეყოლებათ მხარდამჭერები. თავისი შინაარსით, ჩვენი კანონი არის სავსებით ნეიტრალური. არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების მიზნობრიობის შედეგებს შეაფასებს ხალხი, როდესაც წაიკითხავს დეკლარაციაში არსებულ ინფორმაციას. თქვენ სწორედ ამ ინფორმირებული ხალხის გეშინიათ. გეშინიათ, რომ ინფორმირებული ხალხი არჩევნებზე მხარს არ დაგიჭერთ და, ახლა რომ 12%-იანი რეიტინგი გაქვთ, ამასაც ვერ შეინარჩუნებთ ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნებისთვის.

რაც შეეხება მოწოდებებს, თუ რატომ არ ვიზიარებთ ჩვენი უცხოელი პარტნიორების მოსაზრებებს, რომლებიც გვეუბნებიან, რომ არ უნდა მივიღოთ ქართული კანონი, ამის პასუხად ბატონმა პრემიერმა ელჩებს და ყველა დაინტერესებულ უცხოელ პარტნიორს ღია დებატები შესთავაზა, რათა საჯაროდ და ყველას გასაგონად მოვისმინოთ ის შეშფოთება, რაც მართლა აწუხებთ ჩვენს პარტნიორებს და, ასევე, ყველამ მოისმინოს ჩვენი მხარის პასუხები, თუ რა დგას ამ, გამჭვირვალობის შესახებ კანონის უკან, რომელიც ქართულია, დაიწერა საქართველოში და ემსახურება ქართულ სახელმწიფოს“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.