“არადეკლარირებული საარჩევნო კამპანია ასევე ერთ-ერთი პრობლემაა, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციები პირდაპირ ჩართულნი არიან აგიტაციაში „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, მათ შორის, 20 ოქტომბრის თავყრილობა იყო ამის ერთ-ერთი მაგალითი”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

„აქ სულელი არავინ არის, – ნურავინ დაიწყებს ქართველი ხალხის მოტყუებას, უცხოელი პოლიტიკოსი იქნება ეს თუ დიპლომატი, თითქოს, ეს იყო საქართველოს მოქალაქეების ევროპასთან დაკავშირებული რაღაც შეხვედრა. ეს იყო, ცხადად, „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო ღონისძიება, რომელიც ორგანიზებული იყო “ენჯეოებისა” და ოპოზიციის მიერ და ეს საჯაროდაც ჩანდა, რომ ეს არის “ენჯეოების” ორგანიზებული, ოპოზიციასთან ერთად.

როგორც ჩანს, და აშკარა იყო, რომ ამ აქციის ორგანიზებასა და გამართვაში დაიხარჯა უცხოური ფული, რაც წარმოადგენს უკანონო შემოწირულობას საარჩევნო კამპანიაში და, რა თქმა უნდა, ესეც მნიშვნელოვანი იქნება, რომ დადგინდეს. მათ შორის, ამ “ენჯეოებს” მოვუწოდებ, გაასაჯაროონ. რას მალავენ, აბა? გაასაჯაროონ, რა თანხები დახარჯეს, ვისი თანხები დახარჯეს და უთხრან საქართველოს მოქალაქეებს, ვისი ფულით ცდილობენ ისინი, რომ ზემოქმედება მოახდინონ და დეზინფორმაციული კამპანია აწარმოონ წინასაარჩევნო პროცესში”, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.