“ჩვენამდე მოდის ინფორმაციები, რომ ბატონი ჭყონია მოუწოდებს თავის თანამშრომლებს, თან მუქარის ტონით მოუწოდებს, რომ აუცილებლად ოპოზიციას უნდა მისცენ ხმა, მაგრამ მისი თანამშრომლები რომ შევლენ საარჩევნო უბანზე და მარტო დარჩებიან, გაიაზრებენ, რომ მათ უკან დგანან ოჯახები, მშობლები და მათ ურჩევნიათ მშვიდობა. მათ არ უნდათ, არავის არ უნდა ქაოსი და არეულობა, რაღაც ტექნიკური მთავრობა, ერთ წელიწადში რაღაც არჩევნები და რაღაც სისულელე ქარტია და ა.შ, რომელიც დღემდე ვერ გაგვაგებინა ვერავის ქალბატონმა ზურაბიშვილმა. შესაბამისად, მათი თანამშრომლებიც (ამ შემთხვევაში, ბატონი ჭყონიას თანამშრომლებზე მაქვს ლაპარაკი) როდესაც მარტო დარჩებიან, მათ იციან, რომ უნდა გააფერადონ მშვიდობა და იციან, რომ უნდა გააფერადონ 41 ნომერი”, – განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა თემურ ჭყონიას მიერ თანამშრომლებზე განხორციელებული შესაძლო ზეწოლის თაობაზე.

„ბატონი ჭყონია პირდაპირ მხარეს წარმოადგენს, ოპოზიციონერია, ჩვეულებრივად. სხვათა შორის, ჩვენს დემოკრატიაზე ესიც მიუთითებს, გარდა იმისა, რომ აბსოლუტური თავისუფლებაა სიტყვის და გამოხატვის, მედიის აბსოლუტური თავისუფლება. აი, წარმოიდგინეთ, ბიზნესი როგორი თავისუფალია, როდესაც ოპოზიციონერები არიან მულტიმილიონერები, ფლობენ ამხელა კომპანიებს და არავის არასდროს არ შეუწუხებია. ზუსტად ეს არის ერთ-ერთი ფუნდამენტური განსხვავება „ქართულ ოცნებასა“ და რადიკალურ ოპოზიციას შორის“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.