“ამ „უცნაური ომის“ ისტორიაში, როგორც ჩანს კიდევ ერთი სამარცხვინო ფურცელი ჩაიწერება – უკრაინის პარლამენტი სააკაშვილის შეწყალებას ითხოვს”, – წერს საზოგადოებრივი მოძრაობა “ხალხის ძალის” წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუკში”.

მისივე თქმით, შესაბამისი ინიციატივა უკრაინის რადაში უკვე დარეგისტრირდა.

„უკრაინა ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდება ჩვენ მიერ „ნაწინასწარმეტყველებ“ გადაწყვეტილებას – გაწყვიტონ საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები. ასე უბრძანეს ზელენსკის რეჟიმს მმართველმა აგენტოკრატებმა და ამ „უცნაური ომის“ ისტორიაში, როგორც ჩანს კიდევ ერთი სამარცხვინო ფურცელი ჩაიწერება – უკრაინის პარლამენტი სააკაშვილის შეწყალებას ითხოვს.

უმაღლეს რადაში დარეგისტრირდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და ევროკავშირის ქვეყნების პარლამენტების მისამართით მიხეილ სააკაშვილის შეწყალების შესახებ მიმართვის პროექტი. რადას ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა განმარტებითი ბარათი: „ჰუმანიტარული აქტის განხორციელებისა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის შეწყალების აუცილებლობაზე“.

პროექტის ინიციატორად რამდენიმე ათეული დეპუტატი დასახელდა, მათ შორის, საპრეზიდენტო პარტიის „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ხელმძღვანელი დავით არახამია. ამ უკანასკნელმა არ შეიძლება არ იცოდეს, რომ გვარამიასაგან განსხვავებით, სააკაშვილის შეწყალება მიმდინარე საქმეებთან (სულ რომ ძალიან უნდოდეს ზურაბიშვილს) ტექნიკურად ვერ განხორციელდება. აქედან დასკვნა – კიევი მიდის გამიზნულ ვა-ბანკზე. როგორც ჩანს, NATO-სკენ მიმავალ გზაზე, რუსეთის საბოლოო დამარცხებამდე – ოფიციალური მტრების სიაში, მან საქართველო უნდა შეიყვანოს“, – წერს ქართველიშვილი.