„როდესაც უცხო ქვეყნიდან ასანქცირებენ ქართველ მოსამართლეებს, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, ეს რა თქმა უნდა ნიშნავს პირდაპირ სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევას. ეს არის ძალიან უხეში ქმედება. ამაზე გვქონდა რეაქცია და მომავალშიც აუცილებლად გვექნება“,- განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადების საპასუხოდ.

კობახიძის განმარტებით, მტკიცებულების გარეშე მოსამართლეების დასანქცირება – სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპის უხეში ხელყოფაა.

“2012 წლამდე „ნაციონალური მოძრაობა” მტკიცებულებების გარეშე სჯიდა მოსამართლეებს, ახლა იგივე ხდება ქვეყნის გარედან. ეს პრინციპულად მიუღებელია და ამაზე ძალიან მკაცრი რეაქცია გვექნება.

როცა მტკიცებულების გარეშე გისანქცირებენ მოსამართლეებს, ეს არის (კიდევ ერთხელ ვიმეორებ) სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპის უხეში ხელყოფა, საქართველოს კონსტიტუციის უხეში ხელყოფა. ამის უფლებას საკუთარ თავს არავინ უნდა აძლევდეს. ჩვენ არ ვაძლევთ საკუთარ თავს ამის უფლებას და ნუ დაგვიბრუნებენ საქართველოში იმას, რაც 2012 წლამდე იყო – ახლა უკვე ქვეყნის გარედან”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.