“Courtyard by Marriot Batumi-ის” მენეჯმენტ კომპანიის წარმომადგენელი მაია წერეთელი აღნიშნავს, რომ წელს, შარშანდელთან შედარებით, ჯავშნების მეტი რაოდენობა ფიქსირდება.
„ბათუმის სიტუაციაზე რომ ვისაუბროთ, ჯავშნების სიტუაციის მიხედვით თუ ვისმჯელებთ, წელს ჯავშნების მოლოდინი ბევრად უკეთესია, ვიდრე გასულ წელს გვქონდა, იმიტომ, რომ გასული წლის ამავე პერიოდში არ იყო ამდენი დადასტურებული ჯავშანი. შესაბამისად, ვინაიდან ფრენები დაემატა, ქვეყნების რაოდენობის გაზრდის შესაძლებლობა მოგვეცა, ანუ იმ ქვეყნებიდან სტუმრების მიღების შესაძლებლობა, რომლებიც აქამდე არ ჩამოდიოდნენ საქართველოში.
შესაბამისად, ესეც იმოქმედებს სტუმრების რაოდენობაზე. ქუთაისის აეროპორტში ფრენების ბევრი მიმართულება დაემატა და, ცხადია, ეს მოიყვანს მეტ სტუმარს. ასევე, აზიის ქვეყნების ბაზრები ემატება, – რამდენადაც ვიცი, საუდის არაბეთი ამატებს პირდაპირ ფრენებს. ასევე, ჩინეთთან საზღვარი თუ გაიხსნება, იქიდანაც ბევრი სტუმრის ჩამოსვლაა მოსალოდნელი. ვფიქრობ, ამ ზაფხულს დატვირთვა პრობლემა არ უნდა იყოს“, – აღნიშნა წერეთელმა.
რა გავლენა აქვს საპროტესტო აქციებსა და პოლიტიკურ ვითარებას ტურისტულ ნაკადებზე? – ამასთან დაკავშირებით მაია წერეთელი განმარტავს, რომ მსგავსი ტიპის საპროტესტო აქციები მთელი ევროპის მასშტაბით, სხვადასხვა ქვეყანაში იმართება და საქართველოში არსებული ვითარება ჯავშნებზე არ იმოქმედებს.
„ჩვენ თავისუფალ გარემოში ვცხოვრობთ. ყოველთვის უნდა ჰქონდეთ ადამიანებს შესაძლებლობა, რაღაც გააპროტესტონ. არა მგონია, რომ ვინმე თავის დასვენებას გადადებს ამ აქციების გამო. იმედი მაქვს, ისედაც ყველაფერი მწყობრში ჩადგება და ჯანსაღ მდგომარეობას დაუბრუნდება. ცხადია, რაღაც პატარა ტურბულენტობა შეიმჩნევა, მაგრამ ეს არ არის ისეთი სერიოზული, რომ ჯავშნებსა და სეზონზე იმოქმედოს“, – განმარტა მაია წერეთელმა.
“ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, წელს იმაზე უკეთესი მოლოდინი გვაქვს, ვიდრე გასულ წელს გვქონდა“, – დასძინა წერეთელმა.