შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას რიგით მეორე “H 145“ ვერტმფრენი შეემატა.

სამინისტროს ცნობით, მისი ოფიციალური გადმოცემა გერმანიაში, „Airbus Helicopters-ის” საწარმოში მოხდა. ვერტმფრენი აღჭურვილია სამაშველო საშუალებებით და, ასევე, გამორჩეულია სიმაღლეზე ოპერირების შესაძლებლობით. ახალი ბორტი სრულად დაკომპლექტებულია ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით.

აღსანიშნავია, რომ ახალი, ევროპული ტიპის „H 145“ ვერტმფრენის საქართველოში ტრანსპორტირება ქართული ეკიპაჟის მიერ განხორციელდა, რომელმაც სრული გადამზადება გერმანიაში, „Airbus Helicopters-ის” სასწავლო აკადემიაში გაიარა.

2022 წლის 19 დეკემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროში, ფრანგულ კომპანია „Airbus Helicopters-თან” სამი „H 145“ ვერტმფრენის შეძენასთან დაკავშირებით ხელშეკრულება გაფორმდა. მესამე ბორტის გადმოცემა ქართული მხარისთვის 2024 წლის ივნისამდე იგეგმება.