“ყველა მსჯელობს თავისი გაფუჭებულობის ხარისხიდან გამომდინარე. ადამიანმა განმარტა, რომ ის არის მძიმედ, მკურნალობს და სწორედ ამიტომ გადადგა თანამდებობიდან. ჩემთვის ეს ეჭვს არ იწვევს და არიან ადამიანები, რომლებსაც სხვისი ცუდი უხარიათ, უბრალოდ, და ამით აიწყვეს ცხოვრება, მოიწყვეს პოლიტიკური კარიერა და ამით არსებობენ სოციალურ ქსელებშიც, ქუჩაშიც და სამსახურშიც”, – ასე უპასუხა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ცაგარეიშვილმა ყოფილი გენერალური პროკურორის – ირაკლი შოთაძის თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს.

„ღიმილის მომგვრელია, მის პროფესიონალიზმზე რომ საუბრობენ ადამიანები, რომლებიც სააკაშვილის დროს ჯალათ პროკურორებად იყვნენ გადაქცეული და ადეიშვილის ხელის ბიჭები და ხელის გოგოები იყვნენ.

ახლა რაც შეეხება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას: რამდენიმე წუთის წინ ერთ-ერთ არხზე იყო მისი სატელეფონო ჩართვა კლინიკიდან. ის მკურნალობს და მე მას მინდა, პირველ რიგში, ჯანმრთელობა ვუსურვო. ეს არის ახლა, უპირველეს ყოვლისა, მისთვის მნიშვნელოვანი, მისი ოჯახისთვის, მისი კოლეგებისთვის და მეგობრებისთვის მნიშვნელოვანი, დანარჩენი ყველაფერი არის წარმავალი იმასთან შედარებით, რასაც ჰქვია ადამიანის ჯანმრთელობა.
ვინც ამაზე ქილიკობს, უშნო, უზნეო წიაღსვლებს აკეთებს, ის არის თვითონ უშნოც და უზნეოც, ჩემი აზრით, სულით და ხორცით, იმიტომ, რომ არ შეიძლება ადამიანზე, რომელსაც ახლა უჭირს ძალიან, იქილიკო, ნიშნის მოგებით ისაუბრო, აქ რაღაც პოლიტიკური წიაღსვლები გააკეთო და დაკავდე კლავიატურის ლომობით და აბაკუნო შენი კოტიტა თითები ამ კლავიატურაზე და სული და გული გაიხარო იმით, რომ თურმე, გენერალური პროკურორი ახლა ავად არის და გადადგა თანამდებობიდან. ამის იქით უკვე აღარაფერი აღარ არის“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.