ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში ვენესუელის მიერ შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების განახლებას გამოეხმაურა.

„ვენესუელა განაახლებს პირდაპირ მოლაპარაკებებს შეერთებულ შტატებთან ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების აღდგენის მიზნით. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ განაცხადა. არადა, სულ რაღაც სამ-ნახევარი წლის უკან აშშ-მ (და მისი ზეგავლენით – ევროპამ) ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ აღიარა და დროებით პრეზიდენტად ოპოზიციის ლიდერი ხუან გუაიდო ცნო. ამერიკელები ერთხანს “ეკურკურებოდნენ” გუაიდოს როგორც ვენესუელის “გარდამავალ პრეზიდენტს,” უკვე ლიდერად მიიჩნევდნენ და ქვეყანაში დემოკრატიის დაბრუნებაზე საუბრობდნენ… ანუ, დაახლოებით, ის რიტორიკა, რაც დღეს მათგან საქართველოს მიმართ ისმის.
თუმცა, ვენესუელის საზოგადოება და მისი სახელმწიფო ინსტიტუტები, რომ იტყვიან, მაგრად დადგნენ, გაუძლეს არნახულ ზეწოლას, სანქციებს და ქვეყანა არ დაანებეს გარე ძალებს და მათ დიქტატს.

„მე მხარს ვუჭერ დიალოგს, ურთიერთგაგებას, ჩვენი ურთიერთობების მომავალს, ცვლილებას ვენესუელის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის სრული პატივისცემით“, – აღნიშნა მადურომ.
ზუსტად ვერ გეტყვით, განმეორდება თუ არა საქართველოში “ვენესუელის სცენარი,” თუმცა ამის გარკვეული ნიშნები არის. არადა, რა სცენარებიც უნდა მოქსოვონ “იქ”, ხალხის ნებას წინ ვერ აღუდგებიან. ვენესუელა ამის ძალიან თვალსაჩინო მაგალითია“, – წერს ზაალ ანჯაფარიძე “ფეისბუკის” გვერდზე.