პარტია „ხალხის ძალის“ წვერი დავით ქართველიშვილი ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიას აფასებს.

„სანამ ენტონი ბლინკენი აგრძელებს ჩვენს დაშინებას საკუთარი აღშფოთებული შეშფოთების სულ უფრო ახალი “ლეველებით”, ბრიტანეთის ანალიტიკურ ცენტრ Westminster-ში ჩატარდა საინტერესო კონფერენცია. მისი ინიციატორი გახდა ელბრიჯ კოლბი, ჰარვარდისა და იელის უნივერსიტეტების კურსდამთავრებული, რომლის ბაბუა 70-იან წლებში იყო CIA-ის წარმატებული დირექტორი. ამჟამად კი, ელბრიჯ კოლბი ერთ-ერთი საკვანძო კანდიდატია, დონალდ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, ჯეიკ სალივანის ჩასანაცვლებლად, აშშ-ის პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის პოსტზე.

კონფერენციაზე კოლბის ძირითადი გზავნილები აშშ-ის პოლიტიკაში “ევროპის დეპრიორიტეტიზაციის” თაობაზე იყო. კოლბიმ ასევე ხაზი გაუსვა უკრაინაში მიმდინარე, რუსეთთან კონფლიქტის სასწრაფო შეჩერების აუცილებლობას, რომელიც ფინანსურად ასუსტებს ამერიკას, განსაკუთრებით, ჩინეთთან მისი კონკურენციის ასპექტში.

საინტერესო იყო კოლბის განცხადება იმის შესახებაც, რომ აშშ, NATO-ს წევრ ქვეყნებზე განხორციელებული თავდასხმის შემთხვევაში, მათ დასახმარებლად არ ჩაებმება.

არა მხოლოდ კოლბი, ტრამპის სხვა მრჩევლებიც ღიად აცხადებენ, რომ პენტაგონის ძირითადი ყურადღება ფოკუსირებული უნდა იყოს აზიაზე, ხოლო უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე სრული პასუხისმგებლობა უნდა იტვირთოს ევროპამ. კოლბიმ პირდაპირ ურჩია ევროპას – “ამისთვის მორალურად მზად იყავით”. თვით ევროპაში კი მკვეთრად იზრდება ომის საწინააღმდეგო განწყობები. არჩევნებში ერთიმეორის მიყოლებით იმარჯვებენ ევროსკეპტიკოსები, მათში ყველაზე რადიკალურები კი (მაგალითად, გერმანიის ქრისტიან-დემოკრატები) უკვე ღიად ალაპარაკდნენ რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებაზე.

ასე რომ, “გლობალური ომის პარტიის” წარმომადგენლები დღეს ევროპაში, ადგილობრივი განრისხებული ელექტორატისა და განახლებული მმართველი პოლიტიკური ძალების პირისპირ, ერთი-ერთზე არიან დარჩენილები.

ამასობაში კი, ფსევდოლიბერალიზმის ომის ძირითადი ფრონტი კვლავ გადის საქართველოზე – გაიწვევს თუ არა “ქართული ოცნება” უკან “გამჭვირვალობის კანონს”. ამ მოლოდინებში გაგითენდეთ ხვალინდელი დღე!“ – წერს ქართველიშვილი “ფეისბუკის“ გვერდზე.