„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი მიიჩნევს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მცდელობამ რუსეთის გარშემო შეექმნა „დემოკრატიის სარტყელი“, კრახი განიცადა.
დავით ქართველიშვილის თქმით, საქართველო კარდინალური ცვლილებების მოლოდინშია და რაც მთავარია, მზადაა იმისათვის, რომ ითანამშრომლოს იმ პოლიტიკურ ძალებთან, რომლებიც მათ განახორციელებენ. სავარაუდოდ, ესენი იქნებიან ვიქტორ ორბანის ირგვლივ შემოკრებილი მემარჯვენე ალიანსის წარმომადგენლები.
„წლების განმავლობაში მუშაობდა ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია, რომ რუსეთის გარშემო ე.წ. „დემოკრატიის სარტყელი“ შეექმნა. ამ გეგმას შორს მიმავალი მიზნები ჰქონდა. გადის წლები და სად არის ეს „სარტყელი”? ამ გეოგრაფიულ ლოკაციებზე შეიქმნა ანტილიბერალური სარტყელი. ეს ყველაფერი შეიქმნა ამერიკის ადმინისტრაციის ზე-იდეოლოგიური ლიბერალური განწყობების ინფიცირების ხარჯზე.
ჩვენ ვხედავთ, რომ ორბანმა ნახევარი წლით ჩაიბარა ევროპის საბჭოს პრეზიდენტის პოსტი, მაგრამ ნურავის გაუხარდება ლიბერალურ წრეებში, იმიტომ, რომ მას ჩაანაცვლებს ავსტრია, სადაც ასევე იქნება სექტემბერში არჩევნები და იქ ავსტრიელი ორბანი მოვა ქვეყნის სათავეში და ამას მარჩიელობა არ უნდა. მემარჯვენე ძალები (ორბანის მოკავშირეები) გაიმარჯვებენ ასევე ჩეხეთის 2025 წლის არჩევნებში; სლოვაკეთში იყო კოჰაბიტაცია სხვადასხვა იდეოლოგიურ პლატფორმაზე მყოფ პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის, მაგრამ იქაც პრეზიდენტად აირჩიეს პრემიერის იდეური მხარდამჭერი და თანამოაზრე. ამრიგად, სლოვაკეთში, ავსტრიაში, ბულგარეთში, რუმინეთში (აქ საერთოდ ორბანის პირადი მეგობარი მოდის არჩევნების გზით სათავეში) , საფრანგეთში, იტალიასა და გერმანიაზე აღარ ვლაპარაკობ, ულტრალიბერალიზმის დამკვიდრების მცდელობამ საპირისპირო ხასიათი მიიღო. ლიბერალური იდეოლოგიის მანქანა ევროპას პირიქით შემოუბრუნდა და დღეს იქ ამერიკული პროპაგანდის გატარების გამო, ანტილიბერალური და ევროსკეპტიციზმის განწყობებია.
ჩვენ ამ ყველაფერს ვხედავთ და მზად ვართ ამ ძალებთან პოლიტიკურ და პარტიულ დონეზე ვითანამშრომლოთ (საუბარია „ქართულ ოცნებასა“და „ხალხის ძალაზე“) იმიტომ, რომ ეს იდეაც თავად ორბანს ეკუთვნის, რომელიც ახლა მემარჯვენე ძალების ალიანსს ქმნის. მემარჯვენეები და კონსერვატორები წინა მოწვევის ევროპარლამენტშიც იყვნენ, მაგრამ ისინი ლიბერალების და გლობალური ომის პარტიის მძევლობაში იმყოფებოდნენ. იგივე იტალიის პრემიერ-მინისტრის და ორბანის მთავარი უკმაყოფილება სწორედ ევროპარლამენტის დეპუტატების არჩევის უკუღმართ სისტემასთან იყო დაკავშირებული – ქვეყნებში მემარჯვენეები იგებენ, როცა ევროპარლამენტი ცენტრისტებით, მემარცხენეებითა და მწვანეებითაა აჭრელებული. ამას ბოლო მოეღება”, – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.