„ენჯეოების“ ნაწილის მიერ პოლიტიკური მოძრაობის შექმნა იქიდან გამომდინარეობს, რომ არსებულ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს საზოგადოებაში ნულოვანი რეიტინგი აქვთ“, – განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა, ანალიტიკოსმა თამარ ჩიბურდანიძემ, რითაც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მიერ პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედნის“ დაფუძნებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, მიუხედავად რადიკალების მცდელობისა, „ქართული ოცნება“ ოქტომბერში არჩევნებს გამანადგურებელი შედეგით მოიგებს.

„არსებულ ოპოზიციურ პარტიებს თავიანთივე ამომრჩევლებშიც კი ნეგატიური იმიჯი აქვთ უკვე. გვაქვს ინფორმაცია, რომ მათ მიერვე ჩატარებულ კვლევებში ჩანს, რომ „ქართული ოცნებას“ კონკურენტი არ ჰყავს. ამის გამო უცხოელი დამკვეთები რადიკალებს ძალიან გაუბრაზდნენ, რადგან იმედები ვერ გაამართლეს. ეს ყველაფერი კი მკაფიოდ გაზაფხულზე ჩატარებულ აქციებზე გამოჩნდა, როდესაც ძალიან დიდი თანხა და რესურსი დაიხარჯა, მაგრამ რადიკალებმა შედეგს მაინც ვერ მიაღწიეს. თუკი მთელმა დასავლეთმა ყველაფერი გააკეთა, ყველანაირი რესურსი გამოიყენა – ფინანსური, იდეოლოგიური, პოლიტიკური და ა.შ. და რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად ერთი კანონის შეჩერებაც კი ვერ შეძლო, ესენი შემოდგომაზე არჩევნებს მოიგებენ? ბუნებრივია, რომ ეს ვერ მოხდება. ჩვენ გამანადგურებელი გამარჯვებისთვის ვემზადებით“, – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.