რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ გააქტიურებული მსოფლიო პროცესების ნაწილად მიიჩნევს „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე ეუთო-ს რეზოლუციაში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გაკეთებულ ჩანაწერს, სადაც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოსგან განცალკევებულადაა მოხსენებული.

„არავითარი გაუგებრობა აქ არ არის. ეს არის იმ ბოლოდროინდელი პოლიტიკის ნაწილი, რომელიც გააქტიურებულია რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ. უფრო ზუსტად, უკრაინაში დასავლეთსა და რუსეთს შორის არის შეიარაღებული დაპირისპირება, რის გამოც მთელი მსოფლიო არის დაძაბული. მოშლილია სამართლებრივი წესრიგი, უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ყალიბდება – დიდი სახელმწიფოები ერთმანეთს ახალ-ახალ გამოწვევებს სთავაზობენ. თუმცა, ეს პოლიტიკა მძიმეა პატარა ქვეყნებისათვის, მათ შორის, საქართველოსთვის იმიტომ, რომ ჩვენ ამ რეგიონის არა მხოლოდ ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი ვართ, არამედ ვიმყოფებით გზაჯვარედინზე, როგორც პოლიტიკური, ასევე სამშვიდობო თვალსაზრისით.

საქართველოს აქვს თავისი მნიშვნელოვანი როლი, რომელიც საკმაოდ მძიმედ იყო გაწერილი, რამეთუ გლობალური მოთამაშეები ჩვენს ქვეყანაში მეორე ფრონტის დაწყებას ცდილობდნენ. ეს მცდელობა არ შენელებულა და საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა.

ფაქტია, რომ უკრაინის ბრძოლის დივერსიფიცირება უნდა მოხდეს. აქ ორი ალტერნატივა განიხილება – ერთი არის საქართველო და მეორე – ბალტიისპირა ქვეყნები. საქართველოდან რუსეთის წინააღმდეგ დაწყებული კიდევ ერთი ცხელი წერტილი უფრო მძიმე იქნება (ერთგვარი სისხლის დამცლელი ფუნქციით) რუსეთისათვის, ვიდრე ბალტიისპირეთიდან. საქართველოსთან მიმართებით არ არსებობს ნატო-ს ვალდებულებაც, რაც არსებობს ბალტიის ქვეყნებთან მიმართებით. ვალდებულება ნაკლებია, თუმცა სიმძიმე – უფრო მეტი. ამიტომ, „უპირატესობა“ მეორე ფრონტის გახსნის სცენარში საქართველოს უფრო მეტი აქვს და ამას ხვდებიან ბალტიისპირეთის ქვეყნების წარმომადგენლები.

არცთუ ისე დიდი ხნის წინ, თბილისის შუაგულ მოედანზე, ანტისახელმწიფოებრივ მიტინგზე ბალტიისპირეთის სამივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო წარმოდგენილი. ისინი სხვა კოლეგებთან ერთად გვახსენებდნენ, რომ, თურმე, უკრაინიზაცია ყოფილა უკეთესი პერსპექტივის საშუალება და ა.შ. რა თქმა უნდა, ისინი ცდილობენ, რომ ცხელი წერტილი იყოს საქართველოში. ასეთ შემთხვევაში, ბალტიისპირეთი თავისუფლდება ამ როლისგან. ცხადია, ისინი თავიანთი ქვეყნების ინტერესებზე ზრუნავენ”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.