„თუ რუსეთი უკრაინაში ტერორისტული სახელმწიფოა, ეუთო-ს ბოლო რეზოლუციის („ეუთო-ს როლი მიმდინარე უსაფრთხოების არქიტექტურაში: საპარლამენტო პერსპექტივა“) მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ მას საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებული აქვს, აქ, თურმე, ოკუპანტი არ არის“, – განაცხადა „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ.

„როცა ქართულმა მხარემ მოითხოვა, რომ ეუთო-ს ბოლო რეზოლუციაში რუსეთი ჩაწერილიყო, როგორც ოკუპანტი, ეს არ გაითვალისწინეს. თან რუსეთუმეებს გვიწოდებენ და თან რუსეთის საწინააღმდეგო ჩანაწერებს არ გვაკეთებინებენ. ეს რეზოლუცია [რაც ეუთო-მ მიიღო], სწორედ რუსეთის ინტერესებშია. პრაქტიკულად, აფხაზეთი და ოსეთი საქართველოდან გამოყვეს და ქვეყანას გაუთანაბრეს. ამ რეზოლუციაში ნახსენები წინადადება – [„თბილისის მიერ კონტროლირებადი საქართველო, აფხაზეთი და ოსეთი“], აბსოლუტურად მიუღებელი და სამმაგად გაუგებარია. და ამ ყველაფერში, თურმე, რუსეთი პოზიტიურ როლს ასრულებს. თურმე, ჩვენ ყველაფრის გამფუჭებლები ვართ, რუსეთი დალაგებას ცდილობს და საშუალებას არ ვაძლევთ. წარმოიდგინეთ, რა დონის ორმაგ სტანდარტსა და უპატივცემულობაზეა საუბარი. ამ ფონზე კი გვეუბნებიან, რომ ჩვენი პარტნიორები არიან“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.