პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი, „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი, ოთხ ივლისს, ევროპის სოციალური ქარტიის მაღალი რანგის კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ლიეტუვას რეპუბლიკის დედაქალაქ ვილნიუსში გაიმართება.
კონფერენციის მიზანია ხაზი გაესვას შეხვედრაზე მისაღები ქარტიის მნიშვნელობას, მონიტორინგის პროცედურასა და კოლექტიური საჩივრის პროცედურას, როგორც საუკეთესო მართვის პრაქტიკის უმნიშვნელოვანეს ელემენტს დღევანდელ რეალობაში.
კონფერენციაში მონაწილეობენ ისეთი მაღალი თანამდებობის პირები, როგორებიცაა: ლიეტუვას სოციალური და შრომის საკითხების მინისტრი, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილე, ევროპის საბჭოს ასამბლეის პრეზიდენტი, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, ასევე ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის, ევროპული კომისიის, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და სოციალურ საკითხებზე მომუშავე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
კონფერენციას აორგანიზებს ლიეტუვა, როგორც ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, რითაც იგი რეიკიავიკის სამიტის შედეგად წარმოშობილ მისიას შეასრულებს.
კონფერენციის დასასრულს მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკური დეკლარაცია და სამოქმედო გეგმა შემუშავდება.