„მონტენეგროს პარლამენტის მიერ მიღებულმა რეზოლუციამ „იასენოვაცში გენოციდის შესახებ”, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტურ რეჟიმთან კოლაბორაციაში მყოფი ხორვატების მიერ მოწყობილი საკონცენტრაციო ბანაკის ტრაგიკულ ისტორიას ასახავს, ბრიუსელის „აღშფოთებული შეშფოთება” გამოიწვია. შარლ მიშელმა სასწრაფოდ გააუქმა პოდგორიცაში 2-3 ივლისისთვის დაგეგმილი თავისი ვიზიტი. ამის ნაცვლად, ბრიუსელის „ტატამზე” გამოიძახეს მონტენეგროს პრეზიდენტი იაკოვ მილატოვიჩი“, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი.
„ევროკავშირის გაღიზიანების დამატებითი ფაქტორი 12 ივლისისთვის პოდგორიცაში ჩასატარებლად დანიშნული „სრულიად სერბეთის კრება” გახდა. ჩვენ არაერთგზის განვიხილეთ ევროკავშირის ზოგადი კრიზისის პირობებში მონტენეგროზე სერბეთის მიერ მზარდი დადებითი ზეგავლენა, რაც უკიდურესად და „აღაშფოთებს” დღევანდელ ბრიუსელს.
შარლ მიშელის ვიზიტი საბოლოოდ დამტკიცდა 28 ივნისს, „ევროკავშირი-მონტენეგროს მთავრობოთაშორისი კონფერენციის ფარგლებში”, სადაც პოდგორიცამ ბრიუსელისაგან ევროინტეგრაციის პირობების (IBAR) შესრულებაში უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. ამან 2028 წლისთვის მონტენეგროს EU-ში გაწევრიანება რეალური გახადა. სწორედ ამ სასიხარულო ამბის გასაჟღერებლად, „კეთილმაუწყებელის” მისიით უნდა ჩამოსულიყო შარლ მიშელი.
ხორვატიის მუქარამ, რომ აღნიშნული რეზოლუციის მიღება უარყოფითად იმოქმედებდა მონტენეგროს ევროინტეგრაციის პერსპექტივებზე, გაჭრა. ბრიუსელი დაეთანხმა ზაგრების არგუმენტებს, რომ მონტენეგრომ აღნიშნული რეზოლუცია მიიღო სერბეთის „ზეწოლით” და აამოქმედეს სტიგმა: “არა სერბულ რეზოლუციას!”
ევროკავშირის მხრიდან სხვადასხვა ქვეყნის სუვერენიტეტებთან ბრძოლის ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობ და აპრობირებულ მეთოდებს ჩვენში არანაირი გაკვირვება აღარ უნდა გამოეწვია. ერთ შემთხვევაში, ბრიუსელისა და „გლობალური ომის პარტიის” გაღიზიანების მიზეზს სერბეთი წარმოადგენს, ჩვენს შემთხვევაში – არარსებული რუსეთისა თუ არსებული ჩინეთის ფაქტორი. ჩვენ ამ შტურმს ვუძლებთ. ვნახოთ, გაუძლებს თუ არა მონტენეგრო“, – წერს დავით ქართველიშვილი.