„დიდი ბრიტანეთის გუშინდელი არჩევნები ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ხელისუფლებას შეცდომებს არ პატიობს. სხვა ქვეყნისადმი დახმარებამ არ უნდა დააზარალოს საკუთარი მოსახლეობა, მით უმეტეს, თუკი ეს დახმარება შედეგზე ვერ გადის”, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე ბრიტანეთში ჩატარებული რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების შესახებ.
„დიდ ბრიტანეთში უკრაინის ომით გამოწვეული საგრძნობი სოციალური პრობლემები საპარლამენტო არჩევნებში ლეიბორისტების გამარჯვების მთავარი იარაღი გახდა. მთელი ორი წლის განმავლობაში საინფორმაციო საშუალებებით ხშირად ვკითხულობდით და ვხედავდით ბრიტანელი ხალხის საპროტესტო გამოსვლებს არსებული სოციალური პრობლემების წინააღმდეგ. ეს პრობლემები კი, ძირითადად, უკრაინის ომით და სანქციების პოლიტიკით იყო გამოწვეული. სწორედ ამან გამოიწვია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და ხელისუფლების ცვლილებაც.
ევროპის შემდეგ, ბრიტანეთშიც, ხალხმა არსებული პოლიტიკის ცვლილებას მისცა ხმა, რადგან ეს პოლიტიკა მათთვისაც პრობლემური იყო.
საარჩევნო პროგრამიდან გამომდინარე, ახალი პრემიერისგან რადიკალური ცვლილებები საგარეო პოლიტიკაში მოსალოდნელი არ არის, თუმცა, ცვლილებები აუცილებლად იქნება. რუსეთ-უკრაინის ომზე პოლიტიკა, სავარაუდოდ, გადაიხედება”, – წერს თამარ ჩიბურდანიძე “ფეისბუკის” გვერდზე.