ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის – მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად, ამნისტიის კანონი პოლიტიკური ვაჭრობის საგანი არ გახდება.

“ამნისტია სახელმწიფოს კეთილი ნება და ჰუმანური აქტია, პროცესი, რომლის დაზიანების უფლება არავის აქვს!” – აღნიშნავს დავით ჩიხელიძე.

“ამორალურია, ივაჭრო ამნისტიის თემით და ციხეში მყოფი ადამიანების ოჯახის წევრებთან გაურკვეველ გარიგებაში შეხვიდე. ეს სრულიად სცდება ამნისტიის კეთილშობილურ მიზნებს.

ცალსახაა, ამნისტია ყველა მუხლს ვერ შეეხება, თუნდაც იმიტომ, რომ რიგ შემთხვევაში, შესაძლოა, დაზარალებულის უფლებები დაირღვეს, სახელმწიფოს უპირველესი მიზანი კი მოქალაქეთა უფლებების დაცვაა, ისე, რომ უპირატეს მდგომარეობაში არავინ იყოს.

სამართლიანობისა და თანაბარუფლებიანობის პრინციპის დაცვის საფუძველზე, მმართველმა გუნდმა შეარჩია მუხლები, რომელსაც ამნისტია შეეხება და რომელიც სრულად იცავს როგორც დაზარალებულთა, ისე ციხეში მყოფთა უფლებებს”, – წერს დავით ჩიხელიძე “ფეისბუკის” გვერდზე.