„როცა ადამიანი პოლიტიკაში შედგამს ფეხს, სულ ცოტა, საზოგადოების მიმართ პასუხისმგებლობის აღების მცდელობა მაინც უნდა ჰქონდეს. არასამთავრობო ორგანიზაციები კი არა საზოგადოების წინაშე, არამედ მხოლოდ დონორების მიმართ არიან პასუხისმგებელნი. ახლა კი, ალბათ, მამუკა ხაზარაძის მიმართაც იქნებიან“, – განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა, ანალიტიკოსმა ზურაბ ქადაგიძემ ხაზარაძე-დოლიძე-ცუცქირიძის გაერთიანებაზე საუბრისას.

„კვლევებით შეგვიძლია ვისაუბროთ, რომ საზოგადოებაში „ენჯეოების“ რეიტინგი ბოლო წლებში კატასტროფულად მძიმე მდგომარეობაშია. შეიძლება ითქვას, მათ რეპუტაცია არ აქვთ და ამ სავალალო შედეგის მიღება ე.წ. პრივილეგირებულმა არასამთავრობოებმა მოახერხეს.

რეალურად, ყველა ვთანხმდებით, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების როლი დემოკრატიულ წყობილებაში დიდია, ოღონდ, იმ შემთხვევაში, თუ ეს არასამთავრობოები თავიანთ როლს სწორად იყენებენ. ჩვენ კი ვნახეთ პრივილეგირებული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ითხოვდნენ ტექნიკურ მთავრობას და რევოლუციას; რომელთაც საზოგადოებაში ზიზღიც კი გამოიწვიეს და ახლა ღიად ამბობენ, რომ პოლიტიკაში შედიან. და როდის იყვნენ ისინი პოლიტიკიდან დისტანცირებულები? არც არასდროს”, – განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.