„როგორი სამართლიანია უფალი, ყველას თავის სახელს არქმევს და თუკი ვინმეს კიდევ რჩება კითხვები დასავლეთის დღევანდელი პოლიტიკის უსამართლობაზე, მალე პასუხებს თავად უცხოეთიდან გაიგებს,” – ასე აფასებს „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე ამერიკელი სენატორის რობერტ მენენდესის უცხოური გავლენის აგენტად გამოცხადებას.

როგორც ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში წერს, საზოგადოება მიხვდება, თუ რა გადაიტანა ხელისუფლებამ მთელი ამ წლების განმავლობაში და როგორ წნეხს გაუძლო.

„ყოველდღე ვიგებთ ოპოზიციისთვის მომაკვდინებელ ინფორმაციას, მათი უცხოელი ლობისტი პოლიტიკოსების აგენტობის, კორუფციის თუ სხვა ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის შესახებ. ამერიკის შეერთებული შტატების სენატორი ბობ მენენდესი უცხოელ აგენტად გამოცხადდა და სასამართლომ ქრთამის აღების 16 ეპიზოდში დამნაშავედ ცნო.

ეს ის სენატორია, საქართველოს ხელისუფლებას დემოკრატიის დაქცევაში რომ სდებდა ბრალს და სამართალს უწუნებდა. როგორი სამართლიანია უფალი, ყველას თავის სახელს არქმევს და თუკი ვინმეს კიდევ რჩება კითხვები დასავლეთის დღევანდელი პოლიტიკის უსამართლობაზე, მალე პასუხებს თავად უცხოეთიდან გაიგებს. მიხვდება იმასაც, თუ რა გადაიტანა ხელისუფლებამ მთელი ამ წლების განმავლობაში და რას გაუძლო. 

ისეთ დღეშია ოპოზიცია უცხოელი ლობისტების რეპუტაციული განადგურებით, რომ ისინი არჩევნებამდე გაიქცევიან ქვეყნიდან. ამის საშუალება კი, არ უნდა მივცეთ, მათ სასამართლო ელით. ქართველ ხალხთან პასუხების გაცემა მოუწევთ არა მარტო წარსულზე, აგვისტოს ომზე ან სხვა დანაშაულებზე, არამედ, იმ მოღალატეობრივ ქმედებაზეც, რითაც სურდათ საქართველოს ჩართვა ამ გამანადგურებელ და უპერსპექტივო ომში. ეს იქნებოდა ჩვენი ქვეყნის აღსასრული. ყველა მოღალატემ პასუხი უნდა აგოს ქვეყნის წინაშე!” – წერს თამარ ჩიბურდანიძე.