“Paris Nanterre-ის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის მაგისტრატურის მეორე კურსის სტუდენტი ვატო ქიზიყურაშვილი საზოგადოებრივ მოძრაობა “ერთიან ნეიტრალურ საქართველოს” უერთდება.

“ერთიანი ნეიტრალური საქართველო სწორედ ის მიზანია, რაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას ყველაზე მეტად სურს, თუმცა, სამწუხაროდ, ამ მიზნიდან წლების განმავლობაში ხელოვნურად გვაშორებდნენ.

ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს მიერ გატარებულმა პრაგმატულმა პოლიტიკამ ჰპოვა თავისი შედეგი – ზეწოლის, წნეხის და სოხუმსა და ცხინვალში ტანკებით “გასეირნების” მოწოდებების მიუხედავად, მოხერხდა მშვიდობის შენარჩუნება.

დავრჩით იმ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილების ერთგულნი, რომელიც ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მხოლოდ მშვიდობიანი გზით აღდგენას გულისხმობს.
თუმცა, სიტუაციის საბოლოოდ საქართველოს სასიკეთოდ შემობრუნებისათვის საჭიროა, ქვეყანას ჰქონდეს გრძელვადიანი სტაბილური, მშვიდობიანი განვითარების პერსპექტივა.
სწორედ ეს გეგმები დავინახე იმ ახალ გაერთიანებაში, რომელიც რამდენიმე დღის წინ შეიქმნა და იკისრა არცთუ მარტივი საქმე – გაექარწყლებინა საქართველოში ათწლეულების განმავლობაში გამეფებული მითები და მოსახლეობისთვის სიმართლე ეთქვა.

აღსანიშნავია, რომ ეს არის საზოგადოების მიერ ნაკარნახევი პროცესი, რადგან ქართველი ადამიანისთვის შეუძლებელია, ტერიტორიულ მთლიანობაზე მაღლა რომელიმე კავშირში გაწევრიანება იდგეს. თუმცა ხშირად, მოსახლეობის ეს დაკვეთა ვერ იყო სწორად გაგონილი პოლიტიკური სპექტრის მიერ. ასევე, არსებული ტაბუების გამო, დახურული იყო საჯარო მსჯელობის სივრცე.

მოძრაობა “ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ” ქართულ პოლიტიკაში ახალი ფურცელი გადაშალა და ხალხთან გულწრფელი საუბარი დაიწყო. დღეს ყველა მხრიდან ისმის ე.წ. ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე გულანთებული ლოზუნგები, თუმცა 30 წელია, არავის შემოუთავაზებია არც ინტეგრაცია, არც გაწევრიანების გზა და ეს, ხშირად, მთელი რიგი გარე აქტორების მიერ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის საბაბად გამოიყენებოდა.

ევროპა, ერთ დროს, სწორედ იმ ღირებულებებზე იდგა, რასაც სუვერენიტეტი, სახელმწიფო ინტერესები და ქრისტიანული ფასეულობები ჰქვია. დღეს კი, ევრობიუროკრატიამ მნიშვნელოვნად გადაუხვია ამ გზიდან და ამას მოჰყვა მძიმე სოციალურ-ეკონომიკური და ღირებულებითი კრიზისი.

ევროკავშირის ევროპასთან გაიგივებაც ცოტა უცნაურია, რადგან ამ ლოგიკით, შვეიცარია და გაერთიანებული სამეფო არ ყოფილან ევროპული ქვეყნები,
ხოლო ბრექსიტმა კიდევ ერთხელ გამოააშკარავა ევროკავშირის ნაკლოვანებები.

სწორედ სიმართლის თქმა არის ჩვენი მოძრაობის მიზანი, რათა მოსახლეობამ თავისით განსაზღვროს საკუთარი ქვეყნის ბედი, გარედან თავსმოხვეული მითების გარეშე.

გეოპოლიტიკაში დღევანდელი ტექტონიკური ცვლილებების გათვალისწინებით, ეს ე.წ. ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ მითი, შეიძლება, ქვეყანას ძალიან ძვირად დაუჯდეს და ამის სამწუხარო მაგალითს უკრაინაში ვადევნებთ თვალს.

სამწუხაროდ, ქართულ მედიაში არ მიმდინარეობდა ამაზე საუბარი და მოსახლეობას არ აწვდიდნენ იმ რეალურ სურათს, რაც ევროპაში არსებობდა. გარკვეული ფაქტორების გათვალისწინებით, ხელისუფლებასაც უჭირდა და უჭირს, ხალხს სიმართლე უთხრას და ამიტომ ხდება მოსახლეობის ერთგვარ ინფორმაციულ ვაკუუმში მოქცევა, რამაც საზოგადოების ნაწილში მცდარი წარმოდგენები გააჩინა.

დღეს ევროპა და ევროკავშირი სრულად არის დაცლილი იმ ღირებულებებისგან, რაზეც ეს კავშირი აღმოცენდა, თუმცა ქართველი ხალხის წინააღმდეგ იარაღად გამოიყენება. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ აღარ არსებობს ის ხიბლი, რაც თავის დროზე ევროკავშირს ჰქონდა და ახლა, დადებითი პროცესები აქ მდარე ტემპით, ინერციით მიდის…

სწორედ სიმართლის თქმა არის ჩვენი მოძრაობის მიზანი, რათა მოსახლეობამ თავისით განსაზღვროს საკუთარი ქვეყნის ბედი, გარედან თავსმოხვეული მითების გარეშე.
საპირწონედ კი, არის სავსებით რეალური ალტერნატივა – ერთიანი, ძლიერი, ნეიტრალური საქართველოსი, რომელიც ბლოკური დაპირისპირების ჭიდილში კი არ იქნება ჩართული სამხედრო პოლიგონის ფუნქციით, არამედ პირიქით, იქნება სხვადასხვა აქტორის თანამშრომლობისა და ინვესტიციების ჰაბი. ამის ნათელი მაგალითია ის მასშტაბური ინვესტიცია, რასაც ჩინეთი ანაკლიაში ახორციელებს.

სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით, მსურს გამოვხატო ჩემი სრული მხარდაჭერა იმ მიზნების მიმართ, რასაც ახლად შექმნილი მოძრაობა – “ერთიანი ნეიტრალური საქართველო” ემსახურება”, – აღნიშნულია ვატო ქიზიყურაშვილის განცხადებაში, რომელსაც “ერთიანი ნეიტრალური საქართველო” ავრცელებს.