არა მგონია, ამერიკის დღევანდელ ხელისუფლებას კვლავ საქართველოს ხელისუფლების შანტაჟისა და ურეიტინგო ოპოზიციის მხარდაჭერისთვის ეცალოს”, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში.

„ჯო ბაიდენის განცხადებამ საკუთარი კანდიდატურის მოხსნის თაობაზე ცრუ მოლოდინები გაუჩინა ლიბერალების მხარდამჭერებს. ალბათ, ასეთი დაძაბული საპრეზიდენტო არჩევნები დიდი ხანია, არ ჰქონია ამერიკის შეერთებულ შტატებს. მსოფლიო ძველი და ახალი პოლიტიკის გზაგასაყარზეა და პირველი შემთხვევაა რამდენიმე ათეული წლის შემდეგ, როდესაც მხოლოდ ამერიკა ვეღარ იქნება ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიმღები. სწორედ ამიტომ, ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ახალი გლობალური პოლიტიკის კონტურები იკვეთება.

მაშინ, როდესაც მსოფლიო მშვიდობას ითხოვს, ამერიკის შეერთებული შტატები, არსებული ომის პოლიტიკით, ახალ გლობალურ პოლიტიკას ვერ წარმართავს. ეს მარცხის პოლიტიკაა, რომელზეც დღეს უარს ამბობენ არა მხოლოდ ომით განადგურებული ქვეყნები, არამედ ამ ომით დაზარალებული სხვა სახელმწიფოებიც. ამიტომ, ომის პოლიტიკა ამერიკაში მარცხისთვის არის განწირული.

სწორედ ამ ლოგიკიდან გამომდინარე, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ შეცვლის ბაიდენს საარჩევნოდ, – დემოკრატებმა პოლიტიკა უკვე წააგეს არა მარტო ამერიკაში, არამედ მთელ მსოფლიოში. მიუხედავად იმისა, რომ ამას კარგად ხვდებიან დემოკრატები, ისინი ბოლომდე იბრძოლებენ გამარჯვებისთვის. სულ მცირე, დიდი უპირატესობით მაინც არ უნდა წააგონ, რომ მათი რეპუტაცია ისე არ განადგურდეს, რომ კარგა ხანს ვეღარ შეძლონ ხელისუფლებაში დაბრუნება. არადა, ეს რეალურია.

თუკი ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნები დიდი უპირატესობით მოიგო, მსოფლიოში მშვიდობა დაამყარა და ჩინეთთან ურთიერთობებიც სწორად დაალაგა, რისი დიდი ალბათობაც არსებობს, რესპუბლიკელებს ხელისუფლებაში ყოფნის ხანგრძლივი შანსი ეძლევათ,” – წერს თამარ ჩიბურდანიძე “ფეისბუკის” გვერდზე.