“მოგესალმებით, მოქალაქე სოფო ჯაფარიძეო…
კანონმდებლობით, ეს ადამიანი პარტიას წარმოადგენს. პოლიტსაბჭოსა და თბილისის საკრებულოს წევრია. ასევე, როგორც თვითონ ამბობენ, მიხეილ სააკაშვილის ,,პირადი წარმომადგენელი”. ამათ, მე მგონი, მართლა ჰგონიათ, რომ ,,ერთიანობა” რომ დაირქვეს, “ნაცები” აღარ არიან”, – წერს სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე სოფო ჯაფარიძის განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც საკუთარი თავი მოქალაქედ მოიხსენია.
“ნაცმოძრაობამ” ახალი პროექტი დაიწყო – ,,ემგიდი”. მხარდამჭერთა სიებს აკეთებენ და უცხოეთში უბნებზე ტრანსპორტირებას ჰპირდებიან ჩვენს მოქალაქეებს. ის გავიგეთ, რომ გაუმჭვირვალობისთვის ყველაფერზე არიან წამსვლელები, მაგრამ გვითხრან, ამ ორგანიზაციას ვინ და საიდან აფინანსებს. ამომრჩევლის მოსყიდვა საარჩევნო კოდექსით აკრძალულია! რაც შეეხება ემიგრანტებს, ჩვენი ხელისუფლება მუშაობს, რომ რაც შეიძლება მეტ ემიგრანტს ჰქონდეს შესაძლებლობა, 26 ოქტომბერს ხმა მისცეს. ამ მხრივ, საგარეო საქმეთა სამინისტრო ძალიან აქტიურია.
ასევე, ჩვენ გვაქვს პოლიტიკა, რომლითაც ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ჩვენი სათვისტომოებიდან კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა შეძლოს სამშობლოში დაბრუნება”, – წერს გიორგი ჩაკვეტაძე “ფეისბუკის” გვერდზე.