“ტერორისტული აქტების სერია, რომელიც ლიბერალური ფაშიზმის მოწინააღმდეგების მკვლელობით უნდა დასრულებულიყო, როგორც ჩანს, სწორედაც, ერთი დიდი სცენარის ნაწილია: უნგრეთის პრემიერ- მინისტრ ორბანნზე თავდასხმა, სლოვაკეთის პრემიერის – ფიცოსა და აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა.

ახლა კი ვგებულობთ, რომ საქართველოშიც იგეგმებოდა ტერორისტული აქტი ბიძინა ივანიშვილის გასანადგურებლად – იმ ადამიანის მოსაკლავად, რომელმაც არაფრის ფასად არ გაცვალა თავისი სამშობლოს მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება”, – წერს სოციალურ ქსელში “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი ლევან ნიკოლეიშვილი

“ყველაფერზე წამსვლელმა ადგილობრივმა და უცხო ძალებმა იციან, რომ არჩევნებში მათი მარცხი გარდაუვალია. მათი ბოროტი განზრახვითა და წარმოდგენით, ასეთი პოლიტიკური მკვლელობის აქტი მათ გზას გაუხსნიდა სახელმწიფო გადატრიალებისაკენ, თავიდან ბოლომდე ამოატრიალებდა საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკურ ვექტორს.

ცხადია, დიდი კითხვის ნიშნები ჩნდება – რატომ მალავდნენ ასეთ სკანდალურ საქმეს ოპოზიციის მედია და გამოკითხული პირები და ადვოკატები? დარწმუნებული ვარ, რომ შესაბამისი სტრუქტურები ყველაფერს გამოიძიებენ და უფრო დიდი სურათი გამოჩნდება”, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი “ფეისბუკის”გვერდზე.

ცნობისთვის: ტერორიზმისა და სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე გამოკითხული გელა კახაბრიშვილის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, საქალაქო სასამართლოში გამოკითხვის დროს საუბარი იყო „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის – ბიძინა ივანიშვილის მიმართ შესაძლო ტერორისტული აქტის მომზადებაზე.

შეგახსენებთ, რომ ტერორიზმისა და სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე გამოძიება გრძელდება.